ცესკო-ში პარტიების პროპორციული სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება

პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ–გვერდზე.

საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც ამ დრომდე არ წარადგენენ პარტიულ სიას, ავტომატურად მოიხსნებიან საარჩევნო მარათონიდან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ 59 სუბიექტია რეგისტრირებული: 57 პარტია და 2 ბლოკი. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენმა მათგანმა წარადგინა ცესკოში პარტიული სია.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ხალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება:  ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%. ასევე, ამოქმედდა გენდერული კვოტები, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

“სპუტნიკი”