ანტონიუ კოშტა: მსოფლიო გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას – გვინდა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, თუ ქაოტური სამყარო, რომელიც დაფუძნებულია ძალადობასა და არეულობაზე

მსოფლიო გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. გვინდა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც მხარს დაუჭერს მრავალმხრივობას და გაერო-ს ქარტიას? თუ ქაოტური სამყარო, რომელიც დაფუძნებულია ცალმხრივობაზე, ძალადობასა და არეულობაზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კოშტამ ღაზის სექტორში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.

„ევროკავშირი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმით. „ჰამასის“ მიერ განხორციელებული საშინელი თავდასხმები არ შეიძლება, დავივიწყოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უსაფრთხოების უფლებას. ყველა ქვეყანას, ყველა ხალხს აქვს უფლება იცხოვროს უსაფრთხოდ. მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. პალესტინელ ხალხსაც აქვს უსაფრთხოებისა და სიცოცხლისუნარიან სახელმწიფოში ცხოვრების უფლება. ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. უსაფრთხოება ორივე ხალხისთვის, ღირსება ორივე ხალხისთვის – ეს არის გამოსავალი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ. ევროკავშირი რეგიონში შეუცვლელი პარტნიორია. ჩვენ ვართ პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უდიდესი მიმწოდებელი. ევროპული დაფინანსებით შენარჩუნებულია საავადმყოფოების, სკოლებისა და დაწესებულებების ფუნქციონირება. ევროკავშირი სრულად იღებს პასუხისმგებლობას. მაგრამ ჩვენ, მარტო, ვერ შევაჩერებთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფას. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მოითხოვს კოლექტიურ რეაგირებას. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველამ აიღოს თავისი პასუხისმგებლობა. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და მოვითხოვოთ: ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლება, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების სრული და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, უკანონო დასახლებების დასრულება“, – განაცხადა კოშტამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას მათ ბრძოლაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის, მათ მცდელობებში, დაასრულონ მკვლელობები და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

„უკრაინას, სუვერენულ ერს სასტიკად დაესხა თავს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რაც აშკარად არღვევს გაერო-ს წესდებას. ეს არის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემისა და საკუთარი ბედის არჩევის უფლების აშკარა დარღვევა. პრინციპები, რომლებიც აკავშირებს გაერო-ს ყველა წევრს. სამ წელზე მეტია, ამ ომმა შეიწირა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე, გაანადგურა ქალაქები და გააძლიერა გლობალური დაუცველობა. ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება დაკავშირებულია უკრაინის მდგრადობასთან. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას მათ ბრძოლაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. მათ მცდელობებში, დაასრულონ მკვლელობები და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. მათ მომავალ რეკონსტრუქციაში, მათ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, რათა თავიდან აიცილონ მომავალი თავდასხმები ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის გზაზე. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას ამ ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ეს არ არის მარტო უკრაინის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა იმ პრინციპებისთვის, რომელიც ჩვენ ყველას ძვირფასია“, – განაცხადა კოშტამ.