აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ასეულობით ამერიკელი გენერალი და ადმირალი საგანგებო შეხვედრაზე დაიბარა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამხედროებს დაევალათ მომდევნო კვირას უმოკლეს ვადებში ვირჯინიის შტატში მდებარე საზღვაო ქვეითების ბაზაზე შეიკრიბონ.
როგორც გამოცემას ათზე მეტმა წყარომ განუცხადა, ეს საკმაოდ უჩვეულო დირექტივაა. ის მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მყოფ ყველა ამერიკელ სარდალსა და მეთაურს დაეგზავნა.
დოკუმენტი მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოიცა მას შემდეგ, რაც ჰეგსეტის გუნდმა სამხედრო სარდლობის რიგებში მასშტაბური რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა.
გუშინ პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ ჰეგსეტი „მომდევნო კვირის დასაწყისში უმაღლესი სამხედრო მეთაურების წინაშე წარდგება“, თუმცა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
როგორც The Washington Post-ს განუცხადეს, ჰეგსეტის ბრძანება მაღალი რანგის ყველა ოფიცერს ეხება, რომელსაც ბრიგადის გენერლის ან უფრო მაღალი წოდება აქვს, რომლებიც მეთაურის თანამდებობაზე მსახურობენ, ან მრჩევლების სახით არიან წარმოდგენილნი.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტის ზონებში მყოფი მეთაურები და სამხედრო ხელმძღვანელები, რომლებიც დისლოცირებულნი არიან ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში.
დღესდღეობით შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში 800-მდე ამერიკელი გენერალი და ადმირალი მსახურობს.