ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის, საქართველოსა და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებისთვის – ამჟამად ანაკლიის პორტის პროექტში ტენდერში მონაწილე ჩინური კომპანია აქტიურად არის ჩართული კონსულტაციებში, ქართულ მხარესთან, – ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელჩის განმარტებით, ამჟამად ჩინეთი, საქართველო და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა მხარე დადებითადაა განწყობილი შუა დერეფნის განვითარების მიმართ, რაც მნიშვნელოვან საფუძველს უყრის სამომავლო თანამშრომლობას.
„ანაკლიის პორტის პროექტში ტენდერში მონაწილე ჩინური კომპანია აქტიურად არის ჩართული კონსულტაციებში, ქართულ მხარესთან და ჩვენ ვუჭერთ მხარს პროექტში მონაწილე ჩინურ კომპანიებს, რა თქმა უნდა, საბაზრო პრინციპების შესაბამისად.
ჩინეთ -საქართველოს ურთიერთობები საუკეთესო ეტაპზეა ისტორიაში. ორმხრივი ინვესტიციებისა და სხვა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ჩვენმა კომპანიებმა უკვე ჩადეს ინვესტიციები და ააშენეს ე.წ. სამრეწველო პარკები, მათ შეიძინეს „ბაზის ბანკი“. ჩვენი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივ სარგებელს. საქართველოს ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ ჩვენი კომპანიების კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო. ჩვენ ვურჩევთ ჩინურ კომპანიებს და მხარს ვუჭერთ მათ, რომ ინვესტიციები ჩადონ საქართველოში, გააძლიერონ თანამშრომლობა. ამჟამად კომპანია CRRC მონაწილეობს თბილისი მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტში, რომლის გეგმაა თბილისისთვის 111 ვაგონის მიწოდება 5 წლის განმავლობაში, დაწყებული 2026 წლიდან. ჩინური კომპანია სახელწოდებით Gold Wind მონაწილეობს ქარის ენერგიის პროექტში. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია ჩადებს ინვესტიციას საქართველოს პროექტებში, ახალ ენერგეტიკულ, მაღალტექნოლოგიურ და სხვა სფეროებში, მხოლოდ ამ სფეროებით არ შემოვისაზღვრებით, რაც საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.“- განაცხადა ჩინეთის ელჩმა.