მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის ყოფილი ლიდერის, ირინა ვლახის პარტია „მოლდოვის გული“ საპარლამენტო არჩევნებიდან დისკვალიფიცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NewsMaker ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირინა ვლახის პარტიის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მოლდოვიდან გაქცეულ პრორუს ოლიგარქს ილან შორს უკავშირდება.
გამოცემა, ასევე, წერს, რომ პარტია „მოლდოვის გული“, რომელიც „პატრიოტული ბლოკის“ ნაწილია, საარჩევნო რბოლიდან ამომრჩევლების მოსყიდვის, პარტიის უკანონო დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიების გამო გარიცხეს.
მოლდოვის ცესკომ პარტიის კანდიდატები „პატრიოტული ბლოკის“ სიიდან ამოიღო. ბლოკს ახლა სიის განახლებისთვის 24 საათი აქვს.
საპარლამენტო არჩევნებიდან დისკვალიფიცირებულმა პარტიამ ცესკოს გადაწყვეტილებას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
ცნობისთვის, მოლდოვაში პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსების, ფულის გათეთრებისა და ამომრჩევლების მოსყიდვის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. ქვეყნის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა დონდიუშანსა და გლოდიანიში. საქმის ფარგლებში ეჭვმიტანილია შვიდი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის დროს აღმოჩენილია რუსული საბანკო ბარათები, მობილური ტელეფონები და მეხსიერების ბარათები. ამასთან, მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში საარჩევნო პერიოდის დაწყებიდან სამართალდამცველებმა ჩხრეკა ორი ათასზე მეტ მისამართზე ჩაატარეს. მხოლოდ მიმდინარე კვირაში, ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმის საქმის გამოძიების ფარგლებში, 74 ადამიანი დააკავეს.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდება.