2025 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოში მასშტაბური ქორწილი გაიმართა. სამი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ („ტარო“) ონიანის ვაჟის, უშბა-ბუბა ონიანისა და მისი რჩეულის, მარიას გრანდიოზული, სამდღიანი ქორწილი. ზეიმს 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მოსკოვური ელიტის წარმომადგენლები, ოლიგარქების შვილები და მედიაპერსონები.
ვარსკვლავური სტუმრები და ქართული ტრადიციები
ქორწილის სტუმრებს შორის იყვნენ: მილიარდერ ზიად მანასირის ქალიშვილი დიანა, დეველოპერ ალექსანდრ ჩიგირინსკის შვილები – მარია და მიხაილი მეუღლე ნატასთან ერთად, სერიალ „სლოვო პაცანა“-ს ვარსკვლავი ელიზავეტა ბაზიკინა. ასევე, ცნობილი არტისტების ქალიშვილები: სოფიკო მელაძე და სარინა ტურეცკაია, და რუსეთის თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ამინოვის ქალიშვილი ლიზა.
“ახალდაქორწინებულებმა ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერეს. ცერემონიის შემდეგ ზეიმი მცხეთაში, რესტორან Marani Hall-ში გაგრძელდა, სადაც სტუმრებისთვის ვალერი მელაძემ, მუსია ტოტიბაძემ, L’One და სხვა არტისტებმა იმღერეს. ზეიმი მხოლოდ კონცერტით არ შემოფარგლულა, სტუმრები სიამოვნებით მონაწილეობდნენ ქართულ ხალხურ ცეკვებში, რამაც ნამდვილი ეროვნული დღესასწაულის ატმოსფერო შექმნა” – წერს რუსული მედია.
პატარძალმა სამდღიანი ქორწილის განმავლობაში რამდენიმე კაბა გამოიცვალა: ჯვრისწერისთვის მას დახურული, დახვეწილი კაბა ეცვა ფატით, შემდეგ კი გრძელი, აბრეშუმის კაბა მოირგო, ხოლო ვალერი მელაძის კონცერტზე მოკლე, ფუმფულა ქვედაბოლოიანი კაბით იცეკვა. სიძეს ჯვრისწერაზე ტრადიციული ქართული ჩოხა ეცვა, ხოლო ბანკეტზე სმოკინგით წარსდგა. დიანა მანასირი და ელიზავეტა ბაზიკინა ზეიმზე შავი, მაქმანებიანი კაბებით მივიდნენ, მარია ჩიგირინსკაიამ კი მწვანე, აბრეშუმის კაბა მოირგო.
ვინ არის უშბა-ბუბა ონიანი და მისი ცხოვრების გზა
უშბა-ბუბა ონიანი 1997 წელს დაიბადა. მან ბავშვობა ევროპაში, ფუფუნებასა და მუდმივ გადაადგილებაში გაატარა, რაც მამის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირებით იყო განპირობებული. ოჯახი საფრანგეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი ესპანეთში გადავიდა, სადაც ტარიელ ონიანს ბარსელონაში ვილა და სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. თუმცა, 2005 წელს მისი და მისი დის, გვანცას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ესპანელმა სამართალდამცავებმა რუსი მაფიოზების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს. მამის ვილაზე ჩხრეკისას 12 წლის გვანცა დააკავეს და რამდენიმე დღით არასრულწლოვანთა თავშესაფარში გადაიყვანეს, ვიდრე მის წასაყვანად ქართველი კონსული არ მივიდა. თავად ტარომ მიმალვა მოახერხა და ოჯახი მალევე მოსკოვში გადავიდა, სადაც მამამ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
ონიანის ოჯახისთვის ხარისხიანი განათლების მიღება პრიორიტეტი იყო. ბუბა მოსკოვის ელიტარულ ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი, დის მსგავსად, უმაღლესი განათლების მისაღებად ლონდონში გაემგზავრა. მან პრესტიჟული Cass Business School დაამთავრა, რამაც მისი კარიერული გზა ბიზნესში განსაზღვრა. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო კორპორაცია Citigroup-ში მუშაობდა ინვესტიციების სფეროში. მოგვიანებით, ბუბამ საკუთარი კომპანია – შპს „TD Smolneft“ დააარსა, რომელიც მყარი, თხევადი და აირისებრი საწვავის საბითუმო ვაჭრობაზეა სპეციალიზებული.
რატომ არ დასწრებია ტარიელ ონიანი შვილის ქორწილს
სიძის მამა, 73 წლის ტარიელ ონიანი, დღესასწაულს ვერ დაესწრო, რადგან, სავარაუდოდ, ბოლო წლები ესპანეთში იმყოფება. 2019 წელს რუსული ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ის ესპანეთის ხელისუფლებას გადასცეს, სადაც მას ფულის გათეთრების ბრალდებით ეძებდნენ. მედიის ცნობით, 2021 წელს ის ესპანეთის ციხიდან გათავისუფლდა.