სახლები 1 ევროდ, ბიზნეს გრანტები და ყოველთვიური შემწეობა – რას სთავაზობენ ნაკლებად დასახლებული რეგიონები ახალჩასულებს

წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყნების ინიციატივებს, რომლებსაც ამ გზით მოსახლეობის მოზიდვა სურს.

აშშ

შესაძლოა, ამჟამად ამერიკა მიგრანტებისთვის გამორჩეულად ქვეყნად ითვლება, თუმცა აშშ -ის მწვანე ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია წამახალისებელი პროგრამების მრავალფეროვანი სპექტრი.

მაგალითად, თუ იქ საცხოვრებლად გადახვალთ, ალასკა ფულს გადაგიხდით. ყველა პირი, რომელიც კანონიერად ცხოვრობს შტატში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, უფლებამოსილია მიიღოს ალასკის მუდმივი ფონდის სარგებელი, რომელიც წარმოადგენს დივიდენდს შტატის ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემოსავლებიდან. 2025 წლის დახმარება შეადგენს დაახლოებით 1 702 აშშ დოლარს. 2022 წელს ეს იყო 3 284 აშშ დოლარი.

ახალ მობინადრეებს და დისტანციურად მომუშავეებს ფულად პროგრამებს სთავაზობენ სხვა შტატებიც. MakeMyMove პლატფორმა წარმოგიდგენთ შეღავათებს, რომლებიც მოიცავს მნიშვნელოვან ფულად და საცხოვრებელ გრანტებს, უფასო თანამშრომლობით სივრცეებს, სპორტდარბაზის წევრობას და უფასო სასურსათო პროდუქტებსაც კი.

აღსანიშნავ ინიციატივებს შორისაა Ascend West Virginia და Tulsa Remote, რომლებიც დისტანციურად მომუშავე ახალბედებს, 12 000 აშშ დოლარს და 10,000 აშშ დოლარს სთავაზობენ.

პორტუგალია

Emprego Interior MAIS პროგრამა თქვენი ბილეთია ახალი ცხოვრებისთვის პორტუგალიის მშვიდ სოფელში. ის გთავაზობთ 5 624 აშშ დოლარამდე გრანტს, თუ ნაკლებად დასახლებულ სოფლის შიდა ნაწილში საცხოვრებლად გადახვალთ. იქვე შეგიძლიათ იპოვოთ ადგილობრივი სამსახური ან იმუშაოთ დისტანციურად.

სამთავრობო ინიციატივა მხარს უჭერს როგორც ოჯახებს, ასევე მარტოხელა ადამიანებს და იდეალურია ლეგალური რეზიდენტობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ მშვიდი ცხოვრება.

ესპანეთი

მზიანი ესპანეთიც ებრძვის სოფლის მოსახლეობის შემცირებას. მართალია, არ არსებობს ეროვნული პროგრამა, რომელიც წაახალისებს ხალხის სოფლებში საცხოვრებლად გადასვლას, თუმცა რამდენიმე ადგილობრივი თემი საკუთარი შეთავაზებებით გამოდის.

ასტურიის რეგიონის ქალაქ პონგაში გადასული წყვილები გრანტის სახით 3 495 აშშ დოლარს მიიღებენ და დამატებით 3 495 აშშ დოლარს სოფელში დაბადებულ თითოეულ ბავშვზე.

გალისიის რეგიონის ქალაქ რუბიაში ახალ მაცხოვრებლებს შეუძლიათ მოითხოვონ ყოველთვიურად 175 აშშ დოლარი ერთი წლის განმავლობაში.

პროგრამა „Live in Ambroz“ დისტანციურად მომუშავე პირებისთვისაა განკუთვნილი. ის 17 500 აშშ დოლარამდე გრანტებს სთავაზობს ციფრულ მომთაბარეებსა და ტექნოლოგიურ პროფესიონალებს, რომლებიც მინიმუმ ორი წლის განმავლობაში იცხოვრებენ ესპანეთის შორეულ რეგიონებში.

იტალია

სოფლის დეპოპულაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა იტალიაში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლები თითქმის დაცარიელდა. ამის საპასუხოდ, ქვეყანამ შთამბეჭდავი პროგრამები წამოიწყო.

უამრავი სოფელი გვთავაზობს 1-ევროიან სახლებს, თუმცა უმეტესობას მრავალი პირობა ახლავს თან. ულტრა იაფი სახლების გარდა, ასევე ხელმისაწვდომია საბინაო გრანტები. მაგალითად, ტრენტინო დანგრეული სახლების განახლებისთვის 116 500 დოლარამდე გადაგიხდით, ხოლო ვენეტოში მდებარე რეკოარო ტერმე 25 600 დოლარამდე.

მთის სოფლებში გადასულ დისტანციურად მომუშავე პირებს შეუძლიათ მიიღონ 1 165 აშშ დოლარი, ხოლო ბიზნესის დაწყების შემთხვევაში – 25 600 აშშ დოლარამდე.

ხორვატია

ჩრდილოეთ ხორვატიის სოფელ ლეგრადში 2018 წლიდან სახლებს მხოლოდ 15 ცენტად გვთავაზობენ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ოჯახების მოზიდვას თემში, სადაც სიცოცხლე თითქმის ჩამქრალია.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, განმცხადებლები უნდა იყვნენ 45 წლამდე ასაკის, დაქორწინებულები ან ახლო ურთიერთობაში მყოფები, არ ჰქონდეთ ნასამართლობა და არ უნდა ფლობდნენ სხვა ქონებას.

ქალაქი ასევე სთავაზობს ფინანსურ დახმარებას ახალი მცხოვრებლებისთვის 3 900 აშშ დოლარამდე.

ირლანდია

გსურთ ცხოვრება ულამაზეს ირლანდიურ კუნძულზე, რომელიც გარშემორტყმულია ბუნებითა და ცხოვრების ნელი ტემპით? თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 98 000 აშშ დოლარამდე სახლის აღსადგენად.

2023 წელს დაწყებული ეს პროგრამა წარმოადგენს ცარიელი ქონების რეკონსტრუქციის გრანტის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელიც გთავაზობთ 82 000 აშშ დოლარამდე თანხას მატერიკზე მიტოვებული ქონების განახლებისთვის.

იაპონია

სოფლის დეპოპულაციის ფონზე, იაპონია მსურველებს, რომლებიც იქ საცხოვრებლად გადავლენ, 6 795 აშშ დოლარს სთავაზობს.

ეს პროგრამები ხელმისაწვდომია როგორც იაპონიის მოქალაქეებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ვიზის მოთხოვნებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასევე აქვთ უფლება შეიძინონ მიტოვებული უძრავი ქონება.

ავსტრალია

ავსტრალია ორიენტირებულია კვალიფიციური უცხოელი მუშახელის მოზიდვაზე. პროგრამები მრავალფეროვანია. ისინი მოიცავს დასავლეთ ავსტრალიის სამშენებლო ვიზის სუბსიდიას, რომელიც სთავაზობს უცხოელ მუშაკებს 6 520 აშშ დოლარამდე ოდენობით ვიზისა და გადაადგილების ხარჯების კომპენსაციას და სხვა.

რაც მთავარია, ოზის შორეულ სოფლებში ცხოვრების შემთხვევაში დასაქმებულებს შეუძლიათ მიიღონ საოცრად მაღალი ხელფასები და სხვა ბონუსები.

შვეიცარია

ორი თვალწარმტაცი შვეიცარიული დასახლება ახალ მცხოვრებლებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს.

მაგალითად, ვალეს კანტონში მდებარე სოფელი ზენეგენი ოჯახებს სთავაზობს 4 870 აშშ დოლარის ოდენობის გრანტს თითოეული ბავშვზე, რათა ისინი იქ დასახლდნენ.

ხოლო ალბინენის სოფელში დასახლების შემთხვევაში შესაძლოა, თითოეულმა ზრდასრულმა გრანტის სახით 30 920 აშშ დოლარი მიიღოს.

განმცხადებლები უნდა იყვნენ 45 წლამდე ასაკის, აიღონ ვალდებულება, იცხოვრონ ალბინენში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში და შეიძინონ ან ააშენონ სახლი, რომლის ღირებულება მინიმუმ 247 420 აშშ დოლარის ღირებულებისაა. პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ლეგალური ბინადრობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.

ჩილე

ჩილეს აქვს პროგრამა Start-Up Chile, რომელიც პირებს, რომლებიც მათ ქვეყანაში დააფუძნებენ ბიზნესს, ფინანსურ სტიმულებს სტავაზობს. მაგალითად, გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს 100 000 აშშ დოლარამდე დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ.

გარდა ფულისა წარმატებული აპლიკანტები იღებენ სამუშაო ვიზას, წვდომას მენტორების ფართო ქსელზე და სხვა.

წყარო: lovemoney.com