გიორგი ბაჩიაშვილის დედა ბიძინა ივანიშვილზე: ალბათ თავისი ოჯახიც და შვილებიც ძალადობის ქვეშ ჰყავდა მთელი ცხოვრება, სხვანაირად ის თავისი ახლობლის, გიორგი ძალიან ახლობელია მისთვის, მშობლებს ასე არ მოექცეოდა

პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა „ტვ პირველთან“ მის და მისი მეუღლის მისამართით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ისაუბრა.

მარინა რამაზაშვილი უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს და ამავდროულად აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო და ასე არ მოექცეოდა.

„არანაირი ძალადობა ჩემზე გავლენას არ მოახდენს. გიორგი, შენ ამაზე არ ინერვიულო. ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ, შენც ძლიერად უნდა იყო და ეს მტერი აუცილებლად დამარცხებული იქნება. ბატონ ბიძინას მინდა ვუთხრა, მას ალბათ არც მშობელი ჰყვარებია, არც თავისი შვილები და არც მისი შვილების მისდამი სიყვარული არ არსებობს ალბათ. ალბათ ეს თავისი ოჯახიც და შვილებიც ძალადობის ქვეშ ჰყავდა მთელი ცხოვრება, რომელიც არ ვიცოდით. სხვანაირად ის თავისი ახლობლის, გიორგი ძალიან ახლობელია მისთვის, მშობლებს ასე არ მოექცეოდა. ყველას ასე მოგექცევათ, თუ ეს მალე არ დაამთავრეთ ხალხო, ეს კაცი არავის არ დაგინდობთ. ის არც დედას ინდობს, არც მამას, არც შვილს, არავის არ ინდობს თავისი რაღაც ახირების გულისთვის და რაღაც თავისი ჟინის დაოკების გულისთვის. მისთვის მთავარი ამოცანაა რაღაც აკვიატებული აზრები, ეს აკვიატებული აზრები როდის მოუვა საიდან და რა ფორმით გამოიხატება არავინ არ იცის. ხომ ხედავთ, ჩვენით დაიწყო და გადავიდა უკვე ტალღისებურად როგორც ცუნამი თავის საახლობლოზე, გარემოცვაზე, მათ ოჯახებზე, აღარც ნათესავებს ინდობს მათ გარემოცვას და ა.შ. ამიტომ რაღაცით უნდა გავაჩეროთ ეს კაცი, თორემ სხვანაირად არ შეიძლება, დაიღუპება მთელი ქვეყანა“,- აცხადებს მარინა რამაზაშვილი.