აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა განმარტა თავისი განცხადება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის გეგმებთან დაკავშირებით.
ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კელოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხოლოდ საჯარო განცხადებებზე საუბრობდა და არ ფლობდა რაიმე შიდა ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ან მისი შედეგების შესახებ, წერს The Guardian-ი.
თუმცა, მან აღნიშნა Tomahawk-ის რაკეტების მნიშვნელობა, უწოდა მათ „ძალიან დახვეწილი სარაკეტო სისტემა“ და თქვა, რომ თუ მათი გამოყენება დაშვებული იქნება, ეს „შეცვლის ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის დინამიკას“.
გარდა ამისა, კელოგმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ახლა კონცენტრირებულია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ომის შეჩერებაზე.
„ეს არის სამრეწველო ძალის ომი ასობით – არა ერთი, ან ორი ათასი, არამედ ასობით, მრავლობითში, ათასობით – მსხვერპლით. ავღანეთში რუსებმა 18 000 დანაკარგის შემდეგ უკან დაიხიეს; ჩვენ ვიეტნამიდან 65 000 დანაკარგის შემდეგ გამოვედით. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ორივე მხრიდან დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობაზე, რომელმაც მილიონს გადააჭარბა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ომი როგორმე უნდა დასრულდეს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.