2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვა 11.6%-ით გაიზარდა, თითქმის 4%-ით მოიმატა დაქირავებულთა რაოდენობამ, საშუალო ხელფასი კი 2024.4 ლარს გაუტოლდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის 2024 წლის საწარმოთა გამოკვლევის ანგარიშში.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 228.5 მილიარდი ლარი შეადგინა.ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წელს მისი მოცულობა 90.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია.
2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა,15.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 16.5 პროცენტი კი მცირე ბიზნესზე.
განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე – 25.5 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.7 პროცენტი.
2024 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა – 114.9 მილიარდი ლარი (2023 წელთან შედარებით 5.4 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 71.4 მილიარდი ლარი (2023 წელთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2024 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 866.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.2 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.8 პროცენტი – მამაკაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 40.3 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 801.6 ათასი კაცი შეადგინა (2023 წელთან შედარებით 3.9 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 19.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2023 წელთან შედარებით 15.3 პროცენტით მეტი).
2024 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2024.4 ლარს გაუტოლდა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 197.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 601.4 ლარი შეადგინა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 156.2 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
- მსხვილი ბიზნესი – 2 297.4 ლარი;
- საშუალო ზომის ბიზნესი – 2 443.8 ლარი;
- მცირე ბიზნესი – 1 437.5 ლარი.
2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34.4 პროცენტი ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.5 პროცენტიანი წილით, შემდეგ კი – დამამუშავებელი მრეწველობა 7.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.6 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.9 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ბრუნვას, 2024 წელს ლიდერობდა თბილისი:
- თბილისი – 78.6 პროცენტი
- აჭარის ა.რ. – 5.7 პროცენტი
- ქვემო ქართლი – 3.9 პროცენტი
- იმერეთი – 3.4 პროცენტი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.1 პროცენტი.
2024 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა დამამუშავებელი მრეწველობა (18.9 პროცენტი) და მშენებლობა (18.7 პროცენტი), შემდეგ მოდიოდა ვაჭრობა (18.5 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 34.7 პროცენტიანი წილი ეკავათ.
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ასევე თბილისი ლიდერობდა:
- თბილისი – 64.9 პროცენტი
- აჭარის ა.რ. – 8.4 პროცენტი
- ქვემო ქართლი – 6.7 პროცენტი
- იმერეთი – 5.4 პროცენტი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.
2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი),დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.0, 11.3 და 9.3 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6 პროცენტი), მშენებლობის (8.0 პროცენტი),აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (5.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა 2024 წელს:
- თბილისი – 62.3 პროცენტი
- აჭარის ა.რ. – 9.8 პროცენტი
- იმერეთი – 7.3 პროცენტი
- ქვემო ქართლი – 5.7 პროცენტი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი
- კახეთი – 3.1 პროცენტი
- შიდა ქართლი – 2.9 პროცენტი
- მცხეთა-მთიანეთი – 1.9 პროცენტი
- სამცხე-ჯავახეთი – 1.7 პროცენტი
- გურია – 1.2 პროცენტი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3