“საქართველოს ეკონომიკას აქვს საკმაოდ მაღალი ზრდა, მხოლოდ აგვისტოს ტემპი რომ ავიღოთ, დაახლოებით 1.7-ჯერ უსწრებს გლობალური ეკონომიკის მიხედვით ზრდას”,- ასე აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე საქტსტის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
შეგახსენებთ, რომ სტატიატიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.6%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა ორმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა. EVRD-სა და ADB-ს პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა ნაცვლად აქამდე დასახელებული 6%-ისა, 7%-ით გაიზრდება.
როგორც სოსო არჩვაძე “ ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის ტემპი განპირობებულია როგორც რეალური სექტორის ზრდიდან, ისე მომსახურებიდან. კერძოდ, სტატისტიკოსის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ასრულებს სატრანსპორტო -საკუმუნიკაციო ჰაბის ფუნქციას, ეს თავის როლს ეკონომიკის ზრდაშიც ასრულებს.
“საქართველოს ეკონომიკას აქვს საკმაოდ მაღალი ზრდა, მხოლოდ აგვისტოს ტემპი რომ ავიღოთ, რაც 6,6%-იან ზრდას შეადგენდა, დაახლოებით 1.7-ჯერ უსწრებს გლობალური ეკონომიკის მიხედვით ზრდას. საქართველოს აქვს უფრო მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე მის ყველა სახმელეთო მეზობელს, ან ევროკავშირს. ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც არა თუ შეამცირეს, არამედ გაზარდეს მიმდინარე წლის საპროგნოზე მაჩვენებელი. ვარაუდობენ, რომ სულ მცირე 7% იქნება წლის ბოლომდე. ეს მაშინ, როცა ჩვენ სამეზობლოში შედარებით დაბალი მაჩვენებლებია.
ეს მოდის როგორც რეალური სექტორის ზრდიდან, ისე მომსახურებიდან, მოგეხსენებათ, საქართველო ასრულებს სატრანსპორტო -საკუმუნიკაციო ჰაბის ფუნქციას და ეს თავის როლს ასრულებს. გარდა ამისა, იზრდება ბიზნეს სექტორში აქტიურობა, გამომუშავებული პროდუქცია თითოეულ დასაქმებულზე და დასაქმებულთა რაოდენობა. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში პოზოციურ მუხტს ქმნის, რომ ტემპი იყოს საკმაოდ მაღალი”,- ამბობს სოსო არჩვაძე.
კითხვაზე, თუ ქვეყნის რეალური ეკონომიკური ზრდა ასეთი მაღალია, რატომ არ ისახება ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე, სტატისტიკოსი ამბობს, რომ ეს გლობალური პროცესებით არის განპირობებული და მსოფლიოში ინვესტიციების თანაფარდობას თუ გადავხედავთ, საგანგაშო მაჩვენებლები ნამდვილად არ გვაქვს.
„ინვესტიციების ბოლო მონაცემებით, გლობალურ ეკონომიკასთან შედარებით რომ ავიღოთ ინვესტიციების თანაფარდობა, ჩვენ გლობალურ მაჩვენებს 3,3-ჯერ ვუსწრებთ. ეს საკმაოდ კარგი შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წელს ნამდვილად არ გვექნება რეკორდული მაჩვენებელი. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მსოფლიოში ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება მიმდინარეობს, ადგილი აქვს სამხედრო დაპირისპირებებს და კონფლიქტებს სხვადასხვა რეგიონში, გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესების ჩადება სხვა ქვეყანაში, არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, არამედ მსოფლიოშიც მცირდება. ამიტომ, ასეთ პირობებში, ის რაც ჩვენ გვაქვს , სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება”- ამბობს სოსო არჩვაძე.