თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
- საქმე ეხება 30 სექტემბერს, კუპრავას მიერ, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ რამდენიმე წუთის წინ დაკავებულია პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ზვიად კუპრავა.
გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა ოთხი ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ.
აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად და შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება – ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას.
ასევე, კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა.
შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.
საგულისხმოა, რომ მან ვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა – ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები.
აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, – განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
ცნობისთვის, საუბარია კუპრავას შემდეგ განცხადებაზე:
„ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი. ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა. ალბათ, ვიღაც იფიქრებს დაგიჭერენო, ვერ დამიჭერენ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, რომ მე ან ვინმე დაიჭიროს და მეორე, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი საკრებულოს წევრს დაიჭერს, მისი სტრატეგიული ამოცანა, მშვიდად ჩაატარო რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული“, – განაცხადა კუპრავამ.