Deutsche Welle: ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, 2022 წლიდან, როცა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს ბუნებრივი აირისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ – საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა 2022 წლიდან, როცა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს გადაუხადეს უფრო მეტი თანხა თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „გრინპისის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში სახელწოდებით „თხევადი ბუნებრივი აირის მახე: ევროპის დამოკიდებულება რუსეთსა და აშშ-ზე წიაღისეული საწვავის თვალსაზრისით“, რომელიც სამშაბათს, 30 სექტემბერს, გასაჯაროვდა.

კვლევაზე დაყრდნობით, Deutsche Welle წერს, რომ 2022 წლიდან 2025 წლამდე საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა რუსეთიდან 34.3 მილიარდი ევროს ღირებულების თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინეს, ამავე პერიოდში მათ უკრაინისთვის ჯამში 21.2 მილიარდი ევრო გამოყვეს.

„გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დღემდე აგრძელებენ რუსეთიდან წიაღისეული გაზის იმპორტს. მას შემდეგ, რაც მილსადენებით გაზის მიწოდება შემცირდა, ბოლო წლებში გაიზარდა გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერებით შეტანა, რაც კვლავაც მილიარდობით ევროს შემოსავალს აძლევს რუსეთს ევროპიდან,“ – აღნიშნულია კვლევაში, რომელსაც Deutsche Welle ციტირებს. ვაჭრობა შენარჩუნებულია მიწოდებაზე არსებული გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე.

რუსული გაზის ძირითადი მიმწოდებელი ევროპაში კომპანია „Yamall“-ია. „გრინპისის“ შეფასებით, 2022 წლიდან 2024 წლამდე ამ კომპანიამ ევროპაში საწვავის გაყიდვებიდან 40 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც რუსეთის ბიუჯეტში, გადასახადების სახით, დაახლოებით 9.5 მილიარდი დოლარის გადაიხადა. კვლევის ავტორების გამოთვლებით, ამ თანხით რუსეთს თეორიულად შეეძლო დაეფინანსებინა: 9.5 მილიონი ერთეული 152 მმ-იანი არტილერიის ჭურვი, 271 ათასი „Shahed“-ის ტიპის დრონი ან 2686 ერთეული T-90M ტიპის საბრძოლო ტანკი.