არავითარ რიგებს არ აქვს ადგილი რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტებიც სავსეა პროდუქტებით

სამწუხაროდ, აშშ-ს პრეზიდენტის ცვალებად ხასიათს ხელს უწყობს მრჩეველთა არაპროფესიონალური მიდგომა საკითხებისადმი — უარყოფითობისკენ. ტრამპის დილით ნათქვამი ძირფესვიანად განსხვავდება შუადღის ნათქვამისგან, ისე, როგორც საღამოს ნათქვამი ამ ორივესგან. ტრამპის უკმაყოფილება კოლეგათა მიმართ ხშირად ლახავს დაშვებულ ე.წ. წითელ ხაზებს და შეურაცხყოფაში გადადის. ტრამპი, რომელიც უკმაყოფილია ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოდის იმიტომ, რომ რუსეთის ნავთობს ყიდულობს 50%-იან ტარიფებს აწესებს ინდურ იმპორტზე აშშ-ი, თან აცხადებს, რომ ამით გააჩანაგებს ისედაც გაჩანაგებულ ინდოეთის ეკონომიკას.

მოდიმ ტრამპის შეურაცხყოფას პასუხი არ გასცა, ვინაიდან იცის, რომ მას ვერაფერს შეაგნებინებს. ტრამპის განცხადებამ თვით ტრამპს ავნო, როგორც ეკონომიკაში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს.

ცნობისთვის: ინდოეთის ეკონომიკა უსწრაფესი ტემპით ვითარდება. ინდოეთი მესამეა მსოფლიოში — ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთის, აშშ-ს შემდეგ. მეოთხე ადგილზე რუსეთია.

ტრამპმა არც რუსეთი დაინდო და მას “ქაღალდის ვეფხვი” შეარქვა. გარდა ამისა, გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არ იყიდონ ენერგომატარებლები რუსეთიდან. უფრო მეტიც, დაავალა მათ, დაუწესონ მაღალი ტარიფები ინდოეთსა და ჩინეთს, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ენერგომატარებლებს.

მიზანი ტრამპისა პრიმიტიულია — რუსეთი ვერ გაასაღებს ნავთობს, გაზს, ქვანახშირს, რაც შეამცირებს მის საბიუჯეტო შემოსავლებს. უფულოდ დარჩენილი რუსეთი ვერ დაამზადებს საბრძოლო იარაღს და ვერ იომებს უკრაინასთან. საბოლოოდ დათანხმდება მოლაპარაკებას.

რუსეთს არასდროს უთქვამს, რომ წინააღმდეგია მოლაპარაკების. მხარეებს შორის სტამბოლში უკვე გაიმართა მოლაპარაკების ორი რაუნდი. შეთანხმების მიხედვით, მესამეც უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინელთა გამოისობით არ გაიმართა. უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტი ითხოვს პუტინთან შეხვედრას, რაზეც პუტინისგან თანხმობაც მიიღო — ნებისმიერ დღეს მოსკოვში, ზელენსკის უსაფრთხოების დაცვით. ზელენსკიმ არ მიიღო პუტინის შეთავაზება.

პუტინი აცხადებს, რომ მაღალ დონეზე, ე.ი პრეზიდენტების მოსამზადებელი სამუშაოებია შესასრულებელი დელეგაციათა შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკება უბრალო ლაპარაკად გადაიქცევა, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება.

ტრამპს, ნობელის პრემიით დახარბებულს, სურს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მხოლოდ იმისთვის, რომ ამაყად განაცხადოს — ნახეთ, რა მაგარი ვარ, მხარეები შევარიგეო. და მის მიერ გასაჯაროებულ 7 ომის დასრულებას, მერვეც მიუმატოს. მისდა სამწუხაროდ, პუტინი აგრძელებს თავის პოლიტიკას და მოითხოვს კონფლიქტის დაწყების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას — უკრაინის  ნატოში არშესვლის გარანტიას; უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარის, სამხედრო ბაზის არ განლაგებას; უკრაინის ჯარის შემცირებას; უკრაინის დენაციფიკაციას; უკრაინის ნეიტრალიტეტს.

ტრამპს ნობელის პრემიის მიღება სურს და სულაც არ აინტერესებს რუსეთის წინადადებები, რომელთა შეუსრულებლობა, პუტინის აზრით, ეჭვქვეშ დააყენებს რუსეთის სუვერენიტეტს.

საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ტრამპი, რომ მის მეზობელ კანადას ან მექსიკას ისეთივე სიძულვილი და აგრესიული დამოკიდებულება ჰქონოდა აშშ-ს მიმართ, როგორიც ზელენსკისა და მის ხელისუფლებას აქვთ რუსეთის მიმართ?

ვგონებ, პასუხიც უადგილოა ვენესუელის შემხედვარე, რომელიც ტრამპმა ნარკოგამსაღებლის ცენტრად გამოაცხადა და იქ შეჭრას ლამობს — მადუროს ხელისუფლების დასამხობად და ამერიკისთვის ლოიალური პრეზიდენტის „დასანიშნად“.

ასეთი მცდელობა უკვე ჰქონდა ტრამპს — მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს. მაშინ მადუროს შემცვლელი გუაიდოც გამოჩხრიკა, რომელიც აღიარა ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად და აიძულა ევროპის ქვეყნებიც გაეზიარებინათ მისი მაგალითი.

ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ არცთუ დიდი დროა გასული, მაგრამ ტრამპის დამოკიდებულება, ცხადია დადებითი პუტინისადმი, უარყოფითზე შეიცვალა, რითაც გაახარა ზელენსკი და ევროპელი ლიდერებიც, რომლებიც მხარს უჭერენ ზელენსკის.

დაბოღმილმა ტრამპმა ისიც თქვა, რომ იარაღს მიჰყიდის ევროპას, ნატოს, რომლებიც თავის მხრივ ამ იარაღს გადასცემენ უკრაინას. უკრაინა წარმატებით ართმევს თავს რუსეთის შეტევას, ხოცავს რუს ჯარისკაცებს და სრული შანსი აქვს ევროპის დახმარებით არა მარტო დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს, არამედ უფრო შორს წავიდეს — რუსეთისკენ.

ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკა კრიზისშია, გრძელი რიგებია ბენზინგასამართ სადგურებზე და ა.შ. როგორც ჩანს ანტირუსულად განწყობილმა ადმინისტრაციის წევრებმა სერიოზულად იმოქმედეს ტრამპზე, რათა მას რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობა, ნეგატიურზე შეეცვალა.

ამ მხრივ „ნაყოფიერი“ მუშაობა გასწია ტრამპის მომლაპარაკებელმა უკრაინასთან, გადამდგარმა გენერალმა კელოგმა. კელოგი სისტემატურად ხვდება ზელენსკის და როგორც ამბობენ ფინანსურ „წახალისებაც“ იღებს მისგან. სწორედ კელოგი აცხადებს, რომ რუსეთი აგებს ომს; რომ რუსეთმა ვერ მოახერხა 3 წლის განმავლობაში კიევის აღება.

ერთის მხრივ,  კელოგი მართალია, ვინაიდან რასაც ხედავს რუსეთის არმიის წინსვლა კუს ნაბიჯის მსგავსია. მეორეს მხრივ, კელოგი სიღრმისეულად ვერ უდგება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას. კელოგი ამერიკელია და ზემოდან დაჰყურებს ყველას. მას არ აინტერესებს სიღრმეში ჩახედვა.

ამერიკელ პოლიტიკოსთა უდიდესი უმრავლესობა თავიანთ თავს ღმერთად მიიჩნევენ და მათი ნათქვამი ყველასთვის კანონი უნდა იყოს.

გაგახსენებთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის სატელეფონო  საუბარს გერმანიაში აშშ-ს ელჩთან — ბილწსიტყვაობით გამორჩეულს. ნულანდმა „ფაკ“, „ფაკ“ იძახა გერმანიის კანცლერის მერკელის მოსაზრებაზე და „ფაკთან“ ერთად „ფეხებზე მკიდიაოც“ დაამატა, მე აშშ-ს წარმომადგენელი ვარო.

თვალი შევავლოთ რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპს — 4,1%. არც ერთ ევროპულ ქვეყანას ასეთი მონაცემები არ აქვს. რაც აქვთ 0%-ზე ქვევით არის. ამერიკულ დაჭირხლულ, თან ძვირ გაზზე, რუსული იაფი გაზის გაცვლამ დააქცია ისეთი ქვეყნების ეკონომიკა, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ბელგია და ა.შ.

იარაღის წარმოებით რუსეთის ტემპს და რაოდენობას ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ გაუტოლდება — ერთად აღებული.

რუსეთის არმიის ნელი შეტევა იწვევს არა მარტო უკრაინის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ გამოფიტვას, რაც ნაწილობრივ მიღწეულია.

არავითარ რიგებს არ აქვს ადგილი რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე. სუპერმარკეტებიც სავსეა პროდუქტებით. თვე ისე არ ჩაივლის, რომ რუსეთის რომელიმე ქალაქში დიდი საერთაშორისო ღონისძიება არ გაიმართოს — უამრავი უცხოელი სტუმრით. რუსეთის ინიციატივით გაიმართა მსოფლიოს სიმღერის კონკურსი „ინტერვიზია“ — 23 ქვეყნის მონაწილეობით, რომელიც 4 მილიარდზე მეტმა მაყურებელმა ნახა პირდაპირი ტელეგადაცემით.

რუსეთის ვერც ერთ ქალაქში ვერ ნახავთ უსახლკაროებს და ნარკომანებს ქუჩაში, ისე, როგორც აშშ-ი. ტრამპმა ეროვნული გვარდია ჩართო ვაშინგტონის ქუჩების „ბომჟებისგან“ და ნარკომანებისგან გაწმენდაში. რკინიგზაზე კატასტროფებით აშშ-ი მოწინავეა მსოფლიოში — ყოველდღე მინიმუმ ორით, მოძველებული ლიანდაგის შპალებით, საუკუნის წინ დაგებული რელსებით.

აშშ-ს ეკონომიკა ვალებში ცხოვრობს. სხვადასხვა ქვეყნიდან აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციებში (ფასიან ქაღალდებში) ჩადებული ფულით. ამ შენატანზე აწყობილი ქვეყნის ბიუჯეტი, სადაც გასავალი აჭარბებს შემოსავალს. სახელმწიფო ვალი 36 ტრილიონ დოლარს აჭარბებს — 2025 წლის მონაცემებით, რაც 27 ტრილიონი დოლარით მეტია საერთო ეროვნულ პროდუქტზე. აშშ-ი 10-11 ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს, თავისი შესაძლებლობების მეტს სპონსორი ქვეყნების წყალობით — იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, სხვების.

აშშ-სთვის უცხოური ინვესტიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ავსებს ქრონიკულ საბიუჯეტო დეფიციტს. მსოფლიო 2 ნაწილად არის გაყოფილი. ერთით, რომელიც თავის ანგარიშზე აგრძელებს აშშ-ს კვებას და მეორით — რომელსაც აღარ სურს ამის გაკეთება.

ინდოეთმა, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ უარი თქვა აშშ-ს სპონსორობაზე. ჩინეთი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამცირებს თავის ინვესტიციებს აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში. რუსეთი იყო პიონერი, ვინც პირველმა მსოფლიოში დაიწყო აშშ-ს სახელმწიფო დაფინანსების შემცირება. მან სწრაფად მოიშორა ამერიკული ფასიანი ქაღალდები. მას მიჰყვა ჩინეთი.

2010 წლისთვის ჩინეთი იყო აშშ-ს სახელმწიფო ვალის უმსხვილესი მფლობელი, რომელმაც 2013 წლისთვის 1,28 ტრილიონი შეადგინა, თუმცა 2019 წელს ჩინეთმა პირველობა იაპონიას დაუთმო, შეამცირა რა თავისი ინვესტიცია 1 ტრილიონამდე. 2021-2024 წლებში ჩინეთმა აშშ-ის საფინანსო ორგანოებიდან 250 მილიარდი დოლარი გაიტანა. ჩინეთმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა — იაპონიის 1,1 ტრილიონი და დიდი ბრიტანეთის 850 მილიარდი დოლარის შემდეგ.

მრავალი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება აშშ-ს მოჩვენებითი უძლეველობის ისტორიიდან, ასეთის მიერ სხვა ქვეყნის ეკონომიკის ვარდნაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით რუსეთის ან ინდოეთის, ღიმილის მომგვრელია.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი