“მომდის საგანგაშო სიგნალები, კატასტროფის ზღვარზე ვდგავართ, პროვოკაცია გარდაუვალია” – მამუკა არეშიძის საგანგაშო განცხადება 4 ოქტომბერზე: “მესამე ძალა სცენარს სათავისოდ გამოიყენებს”

„თოფი უკვე კედელზეა ჩამოკიდებული და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაისვრის… მშვიდობიანი რევოლუცია მითია… პროვოკაცია გარდაუვალია”, – ამგვარად აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებას. ოპოზიციის წარმომადგენლები 4 ოქტომბრისთვის მშვიდობიან რევოლუციას აანონსებენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ წესრიგის დარღვევას არ დაუშვებენ. რა მოხდება 4 ოქტომბერს, ამის შესახებ თავის ვერსიებს მამუკა არეშიძე გვიზიარებს.

– სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ როგორ ემზადება 4 ოქტომბრისთვის, რა თქმა უნდა, არ მაქვს, თუმცა გარკვეული რაღაც მაინც ვიცი.

შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება სერიოზულად ემზადება, იმიტომ, რომ გრძნობს ხიფათის მოახლოებას. ოპოზიციაც ემზადება, და არა მხოლოდ რუსთაველზე გამოსვლისთვის, იგეგმება სხვა ტიპის აქტივობებიც. მომდის საგანგაშო სიგნალები სხვადასხვა ადგილიდან, მათ შორის პენიტენციალური სისტემებიდანაც, სადაც განიხილავენ, შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. ახლა უფრო მეტს ვერ გეტყვით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ კატასტროფის ზღვარზე ვდგავართ….

ის, რაც ქვეყანაში ხდება, პოლიტიკური დაპირისპირება აღარ არის, ეს უკვე ურთიერთსიძულვილი და ზიზღია. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან კარგად ნაცნობია და ძალიან ჰგავს 90-იანი წლების ვითარებას. მახსოვს 22 დეკემბრის ღამე. რუსთაველზე მყოფ სხვადასხვა პოზიციებზე მყოფ მომიტინგეებს შორის ავტობუსები იდგა. რაღაც მომენტში ეს ავტობუსი გაიყვანეს, იქვე მდგარი საბარგო მანქანებიც გასწიეს… დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდენ. რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ენთო. ისე მოხდა, რომ ამ ცეცხლის გარშემო ხელისუფლების მომხრეებმაც მოიყარეს თავი და ოპოზიციის მომხრეებმაც. მოუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ, თითქოს სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ დილით უკვე სროლა დაიწყო… ეს ყველაფერი მესამე ძალის ინსპირირებული რომ იყო, მოგვიანებით გავიგე, თუმცა ინტუიციით იმ დღესვე მივხვდი, რაც მოხდა. იმავეს ველოდები 4 ოქტომბერს.

აუცილებლად გამოჩნდება ძალა, რომელიც პროვოკაციის მოწყობას შეეცდება, ეს ლოგიკურია. ჩეხოვს კარგად აქვს ნათქვამი: „თუ სპექტაკლის დასაწყისში კედელზე თოფი კიდია, სპექტაკლის ბოლოს ის აუცილებლად გაისვრის“. დღეს სწორედ ასეთ სცენარში ვართ. თოფი უკვე კედელზეა ჩამოკიდებული და ადრე თუ გვიან გაისვრის.

– ფიქრობთ, რომ 4 ოქტომბრის აქციის მთავარი ლიდერები პაატა ბურჭულაძე და ლევან ხაბეიშვილი არიან?

– რა თქმა უნდა, არა. ისინი მხოლოდ საფარს წარმოადგენენ, ბევრად უფრო სერიოზული ძალებისთვის. ეს ძალები ვერასოდეს გამოვლენ ღიად. მათთვის აუცილებელია, ყველაფერი საზოგადოებრივ პროტესტად გამოჩნდეს და არა – კონკრეტული პოლიტიკური გუნდის აქციად. სწორედ ამიტომ ვსაუბრობდი გამუდმებით, რომ შეთანხმება აუცილებელი იყო, მაგრამ ეს ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე – ოპოზიციისთვის. საბოლოოდ უაღრესად უარყოფითი სურათი ჩამოყალიბდა. არ ვიცი, ეს ზუსტად 4 ოქტომბერს იქნება თუ არა, თოფი, რომელიც კედელზე კიდია, აუცილებლად გაისვრის. ამიტომ ვამბობ: პროვოკაცია თითქმის გარდაუვალია.

 რომელ ძალებზე საუბრობთ?

– ვგულისხმობ გარე ძალებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში პროცესებს უხილავად მართავენ. ხელისუფლება თითს დასავლურ ინსტიტუტებზე იშვერს, ოპოზიცია კი – რუსეთზე. მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში ხშირად შეუძლებელია ზუსტად გაარჩიო, სინამდვილეში ვინ ვის უკან დგას. მქონია შემთხვევა, როცა ერთი შეხედვით ყველაფერი ნათლად ჩანდა, თითქოს ერთ მხარესთან გვქონდა საქმე, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ იქ არა ერთი, არამედ სამი სხვადასხვა ძალა მოქმედებდა. მაგალითისთვის: წლების წინ ეკოლოგიური ორგანიზაცია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ერთ ენერგეტიკულ პროექტს. ფორმალურად, ეს დასავლური სტრუქტურის ფილიალი იყო, სინამდვილეში კი – „გაზპრომის“ ფულით ფინანსდებოდა. დასავლეთში ამ ორგანიზაციას სოლიდურ, ავტორიტეტულ არასამთავრობოდ იცნობდნენ, მაგრამ ფული რუსული აღმოჩნდა. ასეთი მაგალითი უამრავია. „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილი სტატია იქ ბოლო ინსტანციის სიმართლედ აღიქმება, ევროპისთვის ასეთივეა ბრიტანული Times და გერმანული Der Spiegel, მაგრამ Der Spiegel-ის 33 პროცენტი „გაზპრომის“ საკუთრებაშია. აი, ასეა გადაჯაჭვული საინფორმაციო სივრცე და სპეცსამსახურების ინტერესები.

იყო შემთხვევა, როცა პოლიტიკურ ჯგუფს დასავლური მხარდაჭერა ეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის უკან რუსული სპეცსამსახური იდგა, იმ ჯგუფის უკან კი, რომელიც რუსულად ითვლებოდა, თურმე, თურქული სპეცსამსახური იდგა. აი ასეთი „ბუტერბროდია“ ეს ყველაფერი, რთული დასაჯერებელია, მაგრამ – რეალობაა.

ცოტა ხნის წინ დაღესტანში რუსებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია და 42-43 ირანელი სპეცსამსახურის თანამშრომელი დააპატიმრეს, არადა ირანი და რუსეთი ოფიციალურად მოკავშირეები არიან. ირანის ხელისუფლებამ ამ ამბავზე კომენტარიც კი არ გააკეთა. ასეთია ჩვენი რეალობა, მოკავშირეებიც კი ერთმანეთის წინააღმდეგ უკანონო თამაშებში ებმებიან.

 ზოგიერთი აქტივისტი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას საარჩევნოდ ჩეჩნები და რუსი ინსტრუქტორები ჩამოჰყავს…

– რუსი ინსტრუქტორების ჩამოყვანა საერთოდ რაში სჭირდება ხელისუფლებას? თუ მართლაც საჭირო იყო სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები, შეიძლებოდა ევროპაშიც ეპოვათ გამოცდილი ოფიცრები და მასწავლებლები. ამიტომ რუსების ჩამოყვანას რეალური საფუძველი არ აქვს. ასეთი ვერსიების გავრცელება უფრო დაშინებას ემსახურება, ვიდრე საქმეს. ეს არის მცდელობა, საზოგადოებაში უფრო დიდი დაძაბულობა შეიქმნას და ხალხში შიში გააღვიძოს.

– როგორ გგონიათ, ხელისუფლება ძალას გამოიყენებს?

– მათი განცხადებები მიანიშნებს, რომ ძალას გამოიყენებენ, მაგრამ აქციის დაშლა კანონის ფარგლებში და კანონის დარღვევით სხვადასხვა რამეა. ორივე შემთხვევაში შედეგი განსხვავებულია. ჩვენ მიტინგების დაშლა, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლაც არაერთხელ გვინახავს, მე სხვა რამის უფრო მეშინია, პროვოკაციაა მოსალოდნელი. სწორედ ამიტომ გავავლე პარალელი 90-იანი წლების დასაწყისთან. დღესაც ყველაზე დიდი რისკი სწორედ ესაა — ვიღაც მესამე ძალა სცენარს სათავისოდ გამოიყენებს. დღეს საქართველოში ბევრი საუბრობს „მშვიდობიან დამხობაზე“. მე პირდაპირ ვამბობ: მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. მე მესმის ახალგაზრდების, მაგრამ საბოლოოდ, ყველას -ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც უნდა ესმოდეს: დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ყველაზე ცუდისთვის უნდა მოვემზადოთ: პროვოკაციებისთვის, ძალადობის მცდელობისთვის, დაპირისპირების გამწვავებისთვის. თუმცა იმედიც არსებობს: თუ ყველა მხარე, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებიც, დიალოგზე მეტად იფიქრებენ, შესაძლოა, პროცესები უფრო მშვიდობიან კალაპოტში გადავიდეს. მაგრამ ამ წუთას სურათი ძალიან სახიფათოა და ყველა ფრთხილად უნდა იყოს.