„30 წელია ლარი არის ერთადერთი საგადამხდელო საშუალება საქართველოში,“ – ამის შესახებ აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
1993-2 000 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას შეფასებით, ფულის რეფორმის მსგავსი რეფორმა – რთული, წარმატებული და მასშტაბური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სხვა არ ჩატარებულა. რეალურად ფულის რეფორმის და ეროვნული ვალუტის შემოღების ეკონომიკურ საფუძვლებზე მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო. სწორედ ამ ეკონომიკურმა გუნდმა მოამზადა ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები.
„როდესაც დადგა ნამდვილი ეროვნული ვალუტის შემოღების საკითხი, ეს იყო რთული და იყო კომპლექსური ამოცანა. აქ პრინციპული იყო ლარი შემოღებულიყო ისე, რომ მას ჩაენაცვლებინა არა მხოლოდ კუპონი, არამედ მიმოქცევიდან განედევნა რუსული რუბლი, რომელიც ყველაზე მეტად იყო გავრცელებული,“ – განაცხადა მან.
პაპავას თქმით, ეროვნულმა ვალუტამ ლარმა გაუძლო ყველა შემოტევას, როგორც გარე შოკებს, ასევე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ელიტის ცდუნებას ცენტრალურ ბაკზე დაემყარებინა კონტროლი და შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.