ინფორმაციისთვის, „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ საქართველოში 2024 წელს გზების მშენებლობით დაკავებული უმსხვილესი 10 კომპანიიდან, 6 ჩინური იყო.
პაატა ტრაპაიძეს ვკითხეთ, რა შეიძლება იყოს ჩინური კომპანიების დომინირების მიზეზი ძვირად ღირებულ პროექტებში და რატომ ვერ იგებენ ქართული კომპანიები დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს:
„ყველა ჩინური კომპანია, რაც საქართველოში ოპერირებს გზების მშენებლობის ნაწილში, არის სახელმწიფო კომპანია და ისინი მოქმედებენ ჩინეთის სახელმწიფოს დავალებით. ჩინეთში სახელმწიფოს დავალება ნიშნავს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დავალებას – მე არ მაქვს ინფორმაცია, რა დავალებებით მოდიან ეს კომპანიები საქართველოში. თუმცა, იმ ფასებში, რა ფასებითაც მოდიან ჩინური კომპანიები, ვერცერთი ქართული კომპანია ვერ გააკეთებს პროექტს.
გარდა ფასებისა, როდესაც საუბარია მსხვილ პროექტებზე, დიდ პროექტებში საჭიროა დიდი გამოცდილებაც. ჩვენ ამხელა გამოცდილება არ გვაქვს. მაგალითად, არის 300-მილიონიანი შესყიდვები, მილიარდიანი ტენდერიც კი ყოფილა – ჩვენ ჩვენი გამოცდილებით ამხელა ტენდერებში ვერ შევალთ. 5-6 წლის წინ გვქონდა ინიციატივა, რომ გავერთიანებულიყავით ქართული კომპანიები და აგვეღო დიდი პროექტები, მაგრამ მაშინდელმა მთავრობამ არ დაგვიჭირა მხარი. თუმცა, კითხვა უნდა დავსვათ – სტიქია როდესაც მოხდება, ჩინელებს დაუძახებთ? ხომ გვჭირდება საქართველოშიც კომპანიები?
მაგალითად, როცა მოხდა შოვის სტიქია, ქართული კომპანიები ავიდნენ იქ და ტექნიკა აიყვანეს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მთაგორიანი ქვეყანა ვართ, რამე რომ მოხდეს თუ არავის არ გვექნება საშუალება, ვის იმედად უნდა ვიყოთ, თუ აქ არავინ დარჩა? ჩვენც ვიმუშავებთ, მაგრამ როდემდე არ ვიცით, ყველაფერი ეკონომიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული; სადამდეც შეგვეძლება ვიმუშავებთ, თუ ვერ შევძლებთ სხვა გამოჩნდება, არც შეუცვლელი ადამიანები არსებობენ და არც შეუცვლელი კომპანიები.
10 წელია ვითხოვ, რომ ჩატარდეს კონფერენცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ჯანსაღი ურთიერთობები, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ შეხვედრებია. ახლანდელმა მინისტრმა რამდენიმე შეხვედრა მოაწყო, მაგრამ შეხვედრებზე ასეთი საკითხები არ წყდება – ჩვენ უნდა ვიცოდეთ ქვეყნის პოლიტიკა…“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ტრაპაიძემ.