„პენსიის 5,7%-იანი მატება ვერ დაფარავს პენსიონერების მთლიან ხარჯებს“

„სურსათის 10%-ანი ინფლაციის პირობებში პენსიის 5,7%-იანი მატება რა თქმა უნდა, ვერ დაფარავს მთლიან ხარჯებს“ , – ამის შესახებ სტატისტიკოსმა და ეკონომისტმა სოსოს არჩვაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, პენსიონერები წარმოადგენენ იმ კონტინგენტს, რომელთა ძირითადი ხარჯი სწორედ სურსათსა და მედიკამენტებზე იხარჯება, შესაბამისად, ბიუჯეტის პირველადი პროექტით გათვალისწინებული საპენსიო მატება, არასაკმარისია.

„თუ ბოლო ინფორმაციას შევხედავთ, 4%-ზე ოდნავ მეტი იყო აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ზრდა, მაგრამ სურსათზე გაიზარდა დაახლოებით, 10%-ით. რადგან პენსიონერთა კონტინგენტის ძირითადი ხარჯები სურსათსა და მედიკამენტებზე იხარჯება, 10%-იანი ინფლაციის პირობებში (თუ სურსათზე შენარჩუნებული იქნება) პენსიის 5,7%-იანი მატება (რაც წარმოდგენილია პროექტის პირველად ვარიანტში), რა თქმა უნდა, ვერ დაფარავს მთლიან ხარჯებს.

თუმცა, რადგან ეს პირველადი პროექტია, როგორც წესი, ბიუჯეტის გადახედვა და საკმაოდ სერიოზული განხილვა ხორციელდება. საბოლოო ჯამში, წარდგენილთან შედარებით, რამდენიმე პუნქტით უფრო იზრდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ცვლილებები მაინც მოხდება“,- განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვრიდან ქვეყანაში ასაკობრივი პენსია გაიზრდება. კერძოდ, როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში ვკითხულობთ, მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

70 წლამდე პირთა პენსია კი იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.

შენიშვნა: პენსიის ამ მოცულობით ზრდა გაწერილია 2026 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დროისთვის საქართველოში 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში ამავე ასაკობრივ ჯგუფის პენსიონერები 420 ლარს იღებენ. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს შეადგენს.