ირაკლი ქადაგიშვილი: ამ აქციის მესვეურებს ესმით, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი არ არის

ამ აქციის მესვეურებს კარგად ესმით, რეალურად ხედავენ და გრძნობენ, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი და სიტუაცია არ არის, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრისთვის ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ ამ ფონზე ყველა მიმართულებით ხელისუფლების პოზიციები არის მყარი.

„ამ აქციის მესვეურებს კარგად ესმით, რეალურად ხედავენ და გრძნობენ, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი და სიტუაცია არ არის, ეს არის თითიდან გამოწოვილი, მათი სასოწარკვეთილი პოლიტიკის ნაყოფი და არანაირად საზოგადოების დაკვეთა და საზოგადოებაში არსებული რაიმე მძაფრი დამოკიდებულება.

ისინი ამ ფონზე ხედავენ, რომ ხელისუფლება არის მონოლითური, მას პოლიტიკური და ყველანაირი მყარი და ძლიერი პოზიციები უკავია. ამიტომ ესეც ნაცადი ხერხია, რომ რამენაირად გამოიწვიონ თითქოსდა ერთგვარი რყევა ხელისუფლების შიგნით, სახელმწიფო ინსტიტუტებში. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ფეიკებზე, ტყუილზე, პროპაგანდისტული ხმაურის ატეხაზე დაყრდნობილი მათი კამპანიაც უშედეგოა.

ასე რომ, არც საზოგადოებაა ამისკენ მოწოდებული, სულ სხვა მიზნები აქვს საზოგადოებას, არც სახელმწიფო ინსტიტუტებია იმ მდგომარეობაში, რომ რამენაირი ზეგავლენა იქონიოს ყალბმა, პროპაგანდისტულმა მოწოდებებმა. საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ორი ფაქტორი არ არსებობს, ისინი [ოპოზიცია] ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, ფიქრობენ, რომ ეს ინსტრუქცია ბოლომდე შეასრულონ, ინსტრუქციის იქით აქ რეალობას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ერთადერთი შესაძლო საფრთხე პროვოკაციების მოწყობაა.

„ერთადერთი, რაც შეიძლება, გარკვეულწილად საფრთხეს წარმოადგენდეს, არის ის, რომ წავიდნენ გარკვეულ პროვოკაციაზე. ამასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურმა მკაფიო განცხადება გააკეთა და მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ ყოველგვარი პროვოკაციისაგან და ნუ გაწირავენ ნურც საკუთარ თავს და მით უმეტეს, ახალგაზრდებს გარკვეული პროვოკაციული ქმედებების ჩადენისთვის იმიტომ, რომ ყველა კანონდარღვევას კანონი შესაბამისი სისრულით და სიმკაცრით გასცემს პასუხს. ზოგადად, მიტინგი, პროტესტი არანაირ საფრთხეს არც ხელისუფლებისთვის და არც საზოგადოებისთვის არ წარმოადგენს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.