შეერთებული შტატების პრეზიდენტი პორტლენდის მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც ორეგონის შტატის ადმინისტრაციულ ცენტრში, ეროვნული გვარდიის განლაგება დროებით აკრძალა. დონალდ ტრამპის განცხადებით, დანაშაულისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
„გადაწყვეტილებამ გამაოცა. პორტლენდი მიწასთან არის გასწორებული. ყველგან აჯანყებულები არიან. ეს „ანტიფაა“. პოლიტიკოსები კი შეშინებულები არიან. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ისინი ამბობენ, თითქოს არაფერი ხდება. ქალაქი იწვის, ასე რომ ჩვენ განვიხილავთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. არ გაგვიმართლა, რომ ასეთი მოსამართლეები გვყავს. ამ მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს. დღეს ვაშინგტონი ჯოჯოხეთიდან უსაფრთხო ადგილად იქცა. პრობლემის გადაჭრას 12 დღე დასჭირდა. იგივე მოხდა ჩიკაგოში. ამას პორტლენდში გავაკეთებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ორეგონის შტატის მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად, პენტაგონი ლოს-ანჯელესიდან პორტლენდში, ეროვნული გვარდიის 200 მოსამსახურეს გზავნის. სამხედრო უწყების ცნობით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა გასცა. სამხედრო მოსამსახურეებს ფედერალური კანონმდებლობის აღსრულებაში მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სააგენტოს თანამშრომლების მხარდაჭერა ევალებათ.