სალომე სამადაშვილი: ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონდა აქციის ორგანიზებასთან, გვერდიდან ყველაფერი ჩანს, როგორც ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელზეც, სამწუხაროდ, წამოაგეს პოლიტიკური აქტორები

არ ვიცი, კონკრეტულად რა იგეგმებოდა აქციის პირობებში და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, რამდენად განხორციელდა თუ ვერ განხორციელდა ამოცანები. ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონდა ამ აქციის დაგეგმვასა თუ ორგანიზებასთან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილი

სამადაშვილის თქმით, დადასტურდა, რომ „ლელოს“ პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სწორი იყო.

„გვერდიდან ყველაფერი ჩანს, როგორც ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელზეც, სამწუხაროდ, წამოაგეს ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მცდელობამ, გამოეყენებინათ პროვოკაცია ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის შესაზღუდად, ეს ვერ შეძლო. მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება და მალე ერთი წელი გახდება, რაც საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად უპირისპირდებიან რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმების მცდელობას.ჩვენ ვთქვით, რომ უნდა ვიბრძოლოთ არჩევნებზე, მოვუწოდეთ ყველას, უარი ეთქვათ ბოიკოტზე, რადგან ბოიკოტი ამ რეჟიმს ვერ დააზიანებდა. ჩვენი პოზიციის სიმართლე დადასტურდა ბოიკოტირებული არჩევნების შედეგებით, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ გააძლიერა ივანიშვილზე რაიმე ტიპის წნეხი. ამიტომ, გული გვწყდება, რომ არ მოისმინეს ჩვენი მოწოდება, გაერთიანებული ძალებით შევსულიყავით ამ ბრძოლაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.