ოქროს ფასი 4 ათას დოლარს უახლოვდება – რა ღირს ერთი გრამი „ბაჯაღლო“ საქართველოში

მსოფლიო ბაზარზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ამ მომენტისთვის, ძვირფასი ლითონის ფასი 4 ათას დოლარიან ნიშნულს უახლოვდება, რაც ოქროს ფასის მორიგ რეკორდს წარმოადგენს.

ოქრო ძვირდება საქართველოშიც. დღეისათვის, ყველაზე მეტად გაძვირებულია 999 სინჯიანი ე.წ. ბაჯაღლო. თუ ორიოდე კვირის წინ 1 გრამის ფასი 300 ლარს შეადგენდა, დღეს მისი შეძენა 330-დან 350 ლარამდე არის შესაძლებელი. რაც შეეხება 585 სინჯიან ოქროს, მისი ღირებულება კვლავ 230 ლარის ფარგლებში მერყეობს.

Goldprice-ის ცნობით, თბილისის დროით 16:00 საათისთვის 1 უნცია ოქროს ფასი 3 936 დოლარს შეადგენს, რაც ერთდღიან ჭრილში 1.25%-იანი, ერთთვიან ჭრილში კი 6.89%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.

ძვირფასი ლითონის გაძვირებისთვის ერთ-ერთ მიზეზად გეოპოლიტიკური დაძაბულობა სახელდება, რის გამოც ინვესტორები დასაბანდებლად ოქროს სახით უსაფრთხო გზებს ეძებენ.