ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ზანგეზურის დერეფანი ერთიანი ქსელი იქნება- Report

ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზა და ზანგეზურის დერეფანი სავაჭრო ნაკადის მხარდამჭერი ერთიანი ქსელის შექმნით რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს ერთობლივად გაზრდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვმა განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.

მისი თქმით, ბთყ-ის რკინიგზა, როგორც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატვირთო გადაზიდვების მთავარი ხაზი, სასიცოცხლო როლს ასრულებს რეგიონულ სატრანსპორტო სისტემაში.

რუსტამოვის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში შუა დერეფნის გასწვრივ ჩინეთიდან 296 ბლოკ-მატარებელი, მათ შორის, 113 სატრანზიტო მატარებელი იქნა მიღებული. ეს რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 213 მატარებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

1-ელ ოქტომბერს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების შესახებ.“ დოკუმენტში გამოკვეთილია ერთობლივი ნაბიჯები ბთყ-ის რკინიგზის მარშრუტის, როგორც უფრო სწრაფი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო კავშირის განვითარებისთვის. კერძოდ, პრიორიტეტულ სფეროებს შორის არის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მოძრავი შემადგენლობის განახლება და ოპერაციული პროცედურების ოპტიმიზაცია. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, შუა დერეფნის განვითარების მიზნით სამ ქვეყანას შორის კოორდინაცია გაძლიერდება, ინფრასტრუქტურისა და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება გაგრძელდება, ხოლო ტვირთის მზარდი მოცულობისთვის მზადება ამაღლდება.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ზანგეზურის დერეფნის შექმნის პროექტს საქართველოს პორტებში ინვესტირების შესაძლებლობასთან ერთად განიხილავს. მისი შეფასებით, ბაქო-ნახიჩევანი-ყარსის მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზას შეუერთდება და საქართველოს საზღვაო პორტებთან ერთად დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სატვირთო მიმოსვლის გაზრდისთვის.

ამასთან, პროექტის მენეჯერი, ოსმან ბესერექი აცხადებს, რომ თურქეთის ყარსს, იგდირსა და აზებაიჯანის ნახიჩევანს შორის რკინიგზის პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა, რომლის ინტეგრირებაც სამომავლოდ ბთყ-ის რკინიგზასთან მოხდება. ნახიჩევანი-იგდირის მარშრუტი ყარსამდე მგზავრობის დროს 85 წუთამდე შეამცირებს, ხოლო ბთყ-სთან საბოლოოდ ინტეგრირებით ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის მგზავრთა გადაყვანის დრო 18-დან 12 დღემდე შემცირდება. ამოქმედების შემდეგ სარკინიგზო ხაზზე 160 კმ/სთ-მდე სიჩქარის მატარებლები იმოძრავებენ.