საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თურქეთმა მთიან ყარაბაღში საომრად სირიელი ჯიჰადისტები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„მთიან ყარაბაღში რთული მდგომარეობაა. ჩვენ მოვიპოვეთ სანდო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯიჰადისტური დაჯგუფებების არაერთმა წევრმა სირია დატოვა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებს შეუერთდა“, – განაცხადა მაკრონმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.
ის ასევე გამოეხმაურა მთიან ყარაბაღში ფრანგი ჟურნალისტების დაჭრის ფაქტს და განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობამ თავისი დაჭრილი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად თვითმფრინავი გაგზავნა.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა და მისმა რუსმა და ამერიკელმა კოლეგებმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს.
“იმედი”