„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ – რუსეთმა ნატოსთან შესაძლო ომისთვის მზადების პირველი ფაზა დაიწყო

„რუსეთმა გაააქტიურა საინფორმაციო და ფსიქოლოგიური კამპანია, რაც შესაძლოა ნატოსთან პოტენციური ომისთვის მზადების ნაწილი იყოს“, – ამის შესახებ უკრაინული მედია საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელ ინსტიტუტზე“ დაყრდნობით წერს.

ანალიტიკოსები რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას ციტირებენ, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს დიდი ბრიტანეთი პროუკრაინელი რუსების ჯგუფის მიერ უკრაინის საზღვაო ძალების გემზე ან ევროპულ პორტში მყოფ უცხოურ სამოქალაქო გემზე თავდასხმას გეგმავს.

რუსული დაზვერვის ცნობით, დივერსანტები აცხადებენ, რომ ისინი მოსკოვის დავალებით მოქმედებდნენ და დიდი ბრიტანეთი გეგმავს ჯგუფის აღჭურვას ჩინეთში წარმოებული წყალქვეშა აღჭურვილობით, რათა ჩინეთი დაადანაშაულოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერაში.

ფაზა ნული და რუსეთის გაზრდილი აქტივობა

„ორგანიზებული აქტივობის ეს ფორმა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი შევიდა მომზადების პირველ ფაზაში, რათა გადავიდეს ომის უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ის, რომელშიც ამჟამად არის ჩართული“, – აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წლის შემოდგომიდან რუსული თავდასხმების აქტივობა შესამჩნევად გაიზარდა, კერძოდ, დრონების მიერ ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევა.

თუმცა, ამასთანავე, ორგანიზაციის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია მიიღო თუ არა კრემლმა გადაწყვეტილება ომის დაწყების შესახებ ან როდის შეიძლება ეს მოხდეს.