“ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია” – მაკა ბოჭორიშვილი; და, რა თქვა კირცხალიამ ელჩების გაძევებაზე?

საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრა 20 წუთს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსული ელჩებიდან მოკლე კომენტარი მედიასთან მხოლოდ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა. მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე “საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება, თუ რა მოხდა არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ”.

“მოკლე დროში მომიწვიეს ჩემს კოლეგა ელჩებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრიფინგზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება, თუ რა მოხდა არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ. ევროკავშირმა არჩევნებზეც და არჩევნების შემდეგ მკაფიო შეფასება გააკეთა ოფიციალურ განცხადებაში, რომლებიც გაკეთდა უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და ევროკომისრის მართა კოსის მიერ. გთხოვთ, ნახოთ ეს განცხადებები, ისინი კვირას გამოქვეყნდა. მე სხვას ვერაფერს დავამატებ”, — განაცხადა ჰერჩინსკიმ (“ფორმულას” თარგმანი).

ელჩებთან გამართული შეხვედრის შესახებ მედიასთან ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მან თქვა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან 4 ოქტომბრის არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

“შეხვედრაზე ვისაუბრეთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა 4 ოქტომბერს და ასევე ამ დღეს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში. მათ მიეწოდათ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში, ამასთანავე იმ დღეს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით და იმ გამოძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმდინარეობს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ასევე საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტორების მხრიდან ხშირ შემთხვევაში, რომლებიც არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს და ქმნის მცდარ აღქმებს საქართველოსთან დაკავშირებით. იყო საუბარი ამ საკითხებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ობიექტურად იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესები შეფასებული და გაკეთდეს ობიექტური და სამართლიანი განცხადებები.

…ძალიან ნათელი და მზიანი დღე იყო 4 ოქტომბერი საქართველოში, ძალიან მზიანი და კარგი ამინდი იყო ნამდვილად. არ იყო შავი დღე. პოლიტიკურადაც მზიანი ამინდი იყო საქართველოში მაგ დღის განმავლობაში. სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ და სამართლიან შეფასებაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსთან დაკავშირებით. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ, რომ ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია. ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია“, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დღევანდელი შეხვედრა ამის ნაწილი ხომ არ იყო, რომ ოცნება ამზადებს ნიადაგს ელჩების გაძევებისთვის?

ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ “როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდება თავდასხმა, როდესაც ჩვენ გესმის პირდაპირი მოწოდებები არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობისკენ და და ამას არ დაერქმევა თავისი სახელი, ეს შეიძლება განვიხილოთ ირიბად წახალისებად სწორედ იმ მოვლენების, რა მოვლენებიც ტრიალებს საქართველოში”.

“როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდება თავდასხმა, როდესაც ჩვენ გესმის პირდაპირი მოწოდებები არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობისკენ, როდესაც ქუჩაში ხდება თავდასხმები ჟურნალისტებზე, მათ შორის პოლიციელებზე და ამას არ დაერქმევა თავისი სახელი და არ იქნება შეფასებული ისე, როგორც უნდა შეფასდეს, როგორც ჩვენ ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შეიძლება განვიხილოთ ირიბად წახალისებად სწორედ იმ მოვლენების, რა მოვლენებიც ტრიალებს საქართველოში”, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყებაში ელჩების დაბარების პარალელურად, 11:00 საათზე ბრიფინგი გამართა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ. მან განაცხადა, რომ “საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე “დიფ სთეითის” მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას”.

მისი თქმით, ოცნების ხელისუფლება “ელოდება როდის შესუსტდება ის შავბნელი და ბოროტი ძალა, ის ომის ძალა, რასაც აშშ-ში დაარქვეს “დიფ სთეით”.