სხვა გამოსავალი არ არის, გარდა იმისა, რომ ქართველმა ერმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ზოდელავას თქმით, „მშვიდობიანი რევოლუცია არის მალამო“.
„უნდა გესმოდეთ ჩემი შინაგანი განწყობა, მდგომარეობა და შფოთვა, სხვაგვარად შეუძლებელია, როცა არჩევნები უქმდება. უმრავლეს ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 100% დაიწერა, ასე იყო „ვარდების რევოლუციის“ წინაც, როცა შევარდნაძე პროცენტებს იწერდა. ბიძინა ივანიშვილი დღეს ყველა შტოს აკონტროლებს, ის მეტასტაზირებულია. სხვა გამოსავალი არ არის, გარდა იმისა, რომ ქართველმა ერმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს. ივანიშვილი ცდილობს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებაში პროდასავლური ზიზღი შეუშხაპუნოს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გამოგყავთ მტრად, უცხოდ, არა ქალად, არა კაცად – ჩვენ ვართ ხალხი, ვინც მივიჩნევთ, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ბიძინა არ უნდა იყოს ჩვენი მმართველი. თუ ვრჩებით ივანიშვილის ბოსტნად და ჩვენ ვართ ყვავილები, ან უნდა ვიქცეთ ბუტკოდ და გავასწროთ აქედან, ან ვიქცეთ თესლად და აქ ვიცხოვროთ. დიდხნიანი პაუზა მქონდა პოლიტიკური აქტივობის, მაგრამ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც მან ყველა პოლიტიკოსი დააპატიმრა, ბოღმის, ერთმანეთის შუღლის კომისია შექმნა. მეც ვიყავი ჩინოვნიკი, შეიძლება კაბინეტს მიღმა მეც არ ვიხედებოდი. დღეს სხვა ვითარებაა. შინაგანად კანონმორჩილი ვარ, არასდროს არაფერი დამირღვევია და უცებ გავგიჟდი – მე დავკარგე ეს შეგრძნება, ყველაფერი შეიძლება, რომ ქვეყანა მოვარჩინო-მეთქი. მშვიდობიანი რევოლუცია არის მალამო, სხვანაირად ბიძინა არ დანებდება. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი შიში დათესა მან თავის მომხრეებში“, – განაცხადა ზოდელავამ.