ყველა თანხმდება იმაზე, რომ პროდასავლური ოპოზიცია დიდ გასაჭირშია და 4 ოქტომბერს მასში შემავალმა ყველა სუბიექტმა კრახი განიცადა. „ქ. ოცნებამ“, პირიქით, ტოტალური გამარჯვება მოიპოვა ადგილობრივ არჩევნებზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამით ხელისუფლებას და მთლიანად, საქართველოს, ცხოვრება არ გაუადვილდება.
რა თქმა უნდა, არა ნაცმოძრაობის და მისი განშტოებების მოწოდების გამო, მაგრამ ხალხის უდიდესი ნაწილი მართლა არ წავიდა არჩევნებზე, რაც დაემთხვა ნაცმოძრაობის ბოიკოტის მოწოდებას. ნაცვლად იმისა, რომ ნაცებს ეს გარემოება სათავისოდ წარმოეჩინათ, როგორც მათ მიერ გაკეთებული მოწოდების შედეგი, მათ მორიგი სიბრიყვე ჩაიდინეს, შესაბამისი შედეგებით (როგორც ჩანს, „მიშას“ ეჩქარება „ვივამედიდან“ გამოსვლა და ეს „გადატრიალების“ მცდელობაც მისგან იყო ინსპირირებული, უნიჭო და ფულს დახარბებული შემსრულებლების მიერ განხორციელებული). 4 ოქტომბერიც, მუნიციპალური არჩევნების დღე, უაზროდ იქნა შერჩეული, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის კვლავ ამოქმედებას დალოდებოდნენ. თუმცა, ალბათ, გარედანაც დააჩქარეს გარკვეულმა ძალებმა „რევოლუციური“ სცენარი. მოკლედ, „ქ. ოცნებას“ გაეხსნა გზა ერთპარტიული დიქტატურისკენ, „გრიგორიჩის“ ალიევზე უფრო დიდ „ფარაონად“ გამოცხადების რისკით.
სამაგიეროდ, 4-მა ოქტომბერმა აიძულა ხელისუფლება, გააძლიეროს რეპრესიები ოპოზიციის მიმართ. ეს კი უფრო ნოყიერ ნიადაგს ქმნის ევროკავშირისთვის, კვლავ დაუწესოს საქართველოს სავიზო რეჟიმი და საერთოდ, მიმართოს უფრო მკაცრ სასანქციო პოლიტიკას. არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებსაც მეტი საფუძველი აქვთ ახლა საამისოდ. ხაბეიშვილის, ბურჭულაძის, ზოდელავას და სხვების პატიმრობაში ყოფნა მეტად უსაფრთხოს არ ხდის „ქ. ოცნების“ პოზიციებს (თუკი ამ ტიპაჟების თავისუფლებაზე ყოფნა ქმნის პრობლემას, მით უფრო ცუდად ყოფილა საქმე).
სააკაშვილს ნათქვამი აქვს: მე არ ვეხებოდი პარტიების ლიდერებს, როდესაც ოპოზიციის მიმართ ზომებს ვახორციელებდიო. მართლაც, გახსოვთ, რომ სააკაშვილის რეჟიმს „სახელმწიფო გადატრიალების“ მუხლით რომელიმე პარტიის ლიდერი ანუ პირველი პირი, დაეპატიმრებინოს? ნინო ბურჯანაძე, ძმები „გრეჩიხები“, ნათელაშვილი, გუბაზეულები თუ რომელი გახსოვთ დაპატიმრებული? იქნებ, თავად „გრიგორიჩი“? – არა და არა. სააკაშვილმა ისიც თქვა და ამაში მართალია, რომ იცის, დასავლეთში მიღებული სტანდარტები, ანგარიშს უწევდა ამას. „ქ. ოცნება“ კი, თან ევროკავშირში შესვლის კურსზე აპელირებას განაგრძობს ჯიუტად, თან კი ანგარიშს არ უწევს იქაურ სტანდარტებს, რომლითაც ევროპელები მიუდგებიან მათ.
ასე რომ, არსებითად არაფერი შეცვლილა – „ქ. ოცნებისთვის“ საფრთხე ბრიუსელში, ლონდონსა და ვაშინგტონშია და არა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. კომიკური ოპოზიციონერების „გაკრეფა“ კი საფუძველს ქმნის სხვა, ჯერ ჩვენთვის უცნობი სამომავლო კონფიგურაციისთვის. მახსენდება 2011 წლის 26 მაისი, როდესაც ოპოზიცია ფიზიკურად და მორალურად გაანადგურა რეჟიმმა. მაგრამ ქვეყნის გარედან („დიპსტეიტი“?), მოულოდნელად, მალევე შემოუშვეს ასპარეზზე „გრიგორიჩი“, თან ამერიკული პირადი დაცვა მიუჩინეს – უფრო იმის საჩვენებლად, რომ მას დასავლეთშიც ჰყავდა მფარველები. გაამარჯვებინეს. შემდეგ კი, კოჰაბიტაცია დაავალეს, მაგრამ 2019 წლისთვის რაღაც აირ-დაირია და დაიწყო ის პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც მალე დასრულდება.
დაბოლოს, ერთი პლიუსი „ქ. ოცნებასაც“ დავუწეროთ: ასეა თუ ისე, ოპოზიციის განადგურება ფაქტია და ამით „გრიგორიჩი“ ეუბნება დასავლეთს – საქართველოში ჩემს გარდა სალაპარაკო პარტნიორი არ გყავთ, მხოლოდ ჩემთან შეიძლება ვაჭრობაო. გარკვეული შანსი მაინც რჩება საიმისოდ, რომ ამ შანტაჟმა იმუშავოს.
გულბაათ რცხილაძე