საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 8 ოქტომბრის საღამოს განცხადების გაკეთებას გეგმავს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
მაკრონი, სავარაუდოდ, სიტყვით გამოვა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის სებასტიან ლეკორნუსთვის დაწესებული ვადა პოლიტიკურ ძალებთან მოსალაპარაკებლად ამოიწურება.
გამოცემა ვარაუდობს, რომ პრეზიდენტს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) დაშლის გამოცხადება სურს.
Le Figaro იუწყება, რომ მაკრონმა ცალკე შეხვედრა გამართა სენატის სპიკერ ჟერარ ლარშესთან და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ იაელ ბრონ-პივესთან. საფრანგეთის კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, ასეთი კონსულტაციები სავალდებულოა ქვედა პალატის დაშლამდე.
Le Figaro-ს კიდევ ერთი წყარო იტყობინება, რომ ეს დისკუსიები „ბალანსის წერტილების“ ძიებას ეხებოდა.
მაკრონი საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის ლიდერებთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ სებასტიან ლეკორნუს მოხსენების მიღების შემდეგ მიიღებს.
ინფორმაციისთვის, 6 ოქტომბერს სებასტიან ლეკორნუმ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ემანუელ მაკრონს განცხადება წარუდგინა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თხოვნა დააკმაყოფილა. ლეკორნუ მთავრობის მეთაური 27 დღე იყო.