FBI-ს დირექტორი კეშ პატელი ამერიკელებს არწმუნებს, რომ „დიფ სთეითის“ აქტორები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. პატელის თქმით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზებისა და იარაღად გამოყენების მტკიცებულებებს მიაკვლია. საქმე ეხება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 8 რესპუბლიკელ სენატორზე ფარული მიყურადების ფაქტის დამალვას.
FBI-მ „დიფ სთეითის“ მიერ გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციას საგანგებოდ გადამალულ საცავში მიაკვლია. რესპუბლიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ სენატორების ფარული მოსმენების ფაქტი, ამერიკის ფედერალურ ხელისუფლებაში „დიფ სთეითის“ არსებობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
„დოკუმენტები სეიფში გადამალეს, იქ, სადაც არავის შეეძლო ფაილების ნახვა ან წაშლა. ანუ შეზღუდეს წვდომა, რაც მაშინ ხდება, როცა ინფორმაციის წყაროსგან დამალვა სურთ. ამგვარ შეზღუდვას კი გენერალური პროკურორისა და FBI-ს დირექტორის ნებართვა სჭირდება. შესაბამისად, მათ სამართალდამცავი ორგანოები აქციეს იარაღად. 8 სენატორის სატელეფონო საუბრები შეაგროვეს, დამარხეს და გადამალეს. ეგონათ, რომ ვერავინ იპოვიდა. ეს მხოლოდ დასაწყისია და მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. ყველაფერს გამოვიძიებთ და ყველა მონაწილე პირს მივაკვლევთ. გავხსნით საცავებს და მსოფლიოს ვანახებთ, თუ როგორ მოქმედებს „დიფ სთეითი“, – განაცხადა პატელმა.