რა მოსთხოვა კობახიძემ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს და რა პასუხი მიიღო ჯო უილსონის პირით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და ამის ყველაზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა – თინა ბოკუჩავამ კი დაგმო ხელისუფლების დამხობის მცდელობა და რა გაუჭირდა ან ევროკავშირს ან სახელმწიფო დეპარტამენტს რომ დაგმოს ეს მცდელობა?! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ამერიკულ მხარეს სურს დაამტკიცოს, რომ მათ ინტერესებში არ შედის საქართველოში არეულობის მოწყობა და დამხობის პროვოცირება, ეს უნდა დაამტკიცოს ქმედით ნაბიჯებით. კობახიძის განმარტებით, პირველი ქმედით ნაბიჯი იქნებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობის მკაფიო დაგმობა.

ჩემი მოწოდებაა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, მკაფიოდ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით ქმედითად დაამტკიცოს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ასეთ ინტერესები არ აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი მოწოდება, დანარჩენზე ყველამ გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. თუ მათ სურთ, დაამტკიცონ, რომ მათ ინტერესებში არ შედის ქვეყანაში არეულობის მოწყობა, დამხობის პროვოცირება და ა.შ.ეს უნდა დაამტკიცონ ქმედით ნაბიჯებით. პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა მკაფიოდ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. თქვენ გახსოვთ იყო გაორებული განცხადებები თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ყაველაშვილს მიულოცა დღესასწაული (აღარ მახსოვს დამოუკიდებლობის დღე იყო, თუ ახალი წელი), სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ზოგადი განცხადება, სადაც საუბრობდა არა ხელისუფლებაზე, არამედ ხალხზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და ამის ყველზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა,“ – განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს, კობახიძე თუ ეღირსება, საკითხავია, მაგრამ ჯო უილსონისგან პასუხმა არ დაახანა.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ, “ქართული ოცნების” ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს.

“სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ, “ქართული ოცნების” ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. მადლობელი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატაში ჩემმა კოლეგებმა დიდი უმრავლესობით აირჩიეს არაღიარების პოლიტიკა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. MEGOBARI [ აქტი] ახლავე”, – წერს უილსონი და აზიარებს სტატიას სათაურით: “აშშ ადასტურებს, რომ საქართველოს ელჩი დაიბარეს”.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, “ნეტგაზეთმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ მოითხოვა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.

განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის კომენტარში, რომელიც „ნეტგაზეთის” თანახმად, სახდეპისგან პასუხად წერილობით მიიღო.