ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246 კვ.მ [დაახლოებით 5 ჰექტარი] არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსი შეუწყდა. ირკვევა, რომ მთავრობა აღნიშნულ ტერიტორიას აუქციონის გზით ყიდის.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საწყის საპრივატიზაციო თანხად 3 940 000 ლარია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ ქონება გასაყიდად აუქციონზე უკვე გამოვიდა.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, თანხის გადახდა გამარჯვებულმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
„უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში 500 000 ლარი ოდენობით ფულადი კომპენსაციის გადახდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე“, – აღნიშნულია აუქციონის დოკუმენტებში.
ადგილზე უნდა განთავსდეს გამაჯანსაღებელი-დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღია/დახურული აუზების მშენებლობას, სპორტულ მოედნებს, ავტოსადგომს, გარე განათებას და ა.შ.
ამ დოკუმენტის თანახმადვე, უნდა მოხდეს უძრავი ქონების არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა.
ამასთანავე, პირი, რომელიც ტერიტორიას პრივატიზების გზით მიიღებს, უნდა უზრუნველყოს 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.