პუტინმა და ალიევმა კრიზისი ორმხრივ ურთიერთობებში აღმოფხვრეს; მოვა თუ არა გონს საქართველოს ხელისუფლება? – კომენტარი

რუსეთი და აზერბაიჯანი ტრაგიკული მოვლენის – AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის – გამო „ემოციების კრიზისის“ წინაშე აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

„ვიტყოდი, რომ ეს, სავარაუდოდ, ემოციების კრიზისი იყო და მიზეზი ნათელია: იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან რთულ მოვლენას შევეჯახეთ – ტრაგიკული მოვლენის – თვითმფრინავისა და მისი მგზავრების დაკარგვას. ამიტომ, საჭირო იყო ყველაფრის მშვიდად დალაგება,“ – განაცხადა პუტინმა ტაჯიკეთში სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთმა და აზერბაიჯანმა AZAL-ის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ურთიერთობის „ახალი ფურცელი გადაშალეს“.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ახალი ფურცელი გადავშალეთ და წინ წავალთ. ჩვენ კონტაქტებს ყოველგვარი გართულების გარეშე განვავითარებთ“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ ტაჯიკეთში გამართულ შეხვედრაზე Azal-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საკითხი განიხილეს. პუტინმა ალიევს განუცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემების მიერ გაშვებული ორი რაკეტა თვითმფრინავს პირდაპირ არ მოხვედრია, რაკეტები რამდენიმე მეტრის დაშორებით აფეთქდა და სავარაუდოდ, თვითმფრინავი ნამსხვრევებით დაზიანდა და არა რაკეტებით.

2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქოდან გროზნიში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი გროზნიში ვერ დაჯდა, უკრაინული დრონების შემოსევის გამო. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა დრონი ჩამოაგდო, მაგრამ დაზიანება მიიღო “აზალის” თვითმფრინავმაც, რომლის კაპიტანმაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ყაზახეთის ქალაქ აქტაუში დაჯდომა იქნებოდა. ამ გეგმამ მთლიანობაში გაამართლა – მგზავრთა დიდი ნაწილი გადარჩა, მაგრამ აქტაუში დაჯდომისას თვითმფრინავი აალდა და შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარი: აქამდე, საქართველოს ხელისუფლება მუდამჟამს ალიევს უყურებდა და საგარეო პოლიტიკასაც დიდწილად აზერბაიჯანთან მჭიდრო პარტნიორობის გათვალისწინებით გეგმავდა. ლოგიკური იყო, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გროზნიში მომხდარი ტრაგედიის გამო წარმოშობილი კრიზისი საქართველოს ხელისუფლებას ერთგვარად აკავებდა რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით. თუმცა, ამავე დროს, მე პირადად, სწორედ ამ კრიზისის ფონზე მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან საქართველო მეტ დივიდენდს მიიღებდა რუსეთისგან, როგორც რუსეთის ერთადერთი სოლიდური პარტნიორი კავკასიაში (აზერბაიჯნთან რუსეთის გაფუჭებული ურთიერთობები + ფაშინიანის ავანტიურიზმი, რომლის შედეგად სომხეთი, რუსეთისგან დაშორების გამო, თავის გეოპოლიტიკურ ფასს სწრაფად კარგავს). ახლა, როდესაც აზერბაიჯანი და რუსეთი ისევ პარტნიორობის რეჟიმში გადადიან, საქართველომ მაინც უნდა დაამყაროს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და შეეშვას ევროპა-ამერიკასთან “ცალმხრივ მეგობრობას”, ამ აბსურდსა და სამარცხვინო მდგომარეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო სრულ იზოლაციაში მოექცევა, რადგან რუსეთსაც აღარ ექნება იმხელა პრობლემა კავკასიაში, რა მასშტაბის პრობლემაც აქამდე ჰქონდა.

ამით იმის თქმა არ მსურს, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის უღრუბლო ურთიერთობები დაიწყო. პრობლემები რჩება და, საკმაოდ სერიოზული, მაგრამ ის ზედმეტი გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომელიც ამ წინააღმდეგობებს ამძაფრებდა და აჩქარებდა, აშკარად მოხსნილია.

 

გულბაათ რცხილაძე