ჩინეთმა აშშ-ს მტკივნეულ ადგილზე დააჭირა; ტრამპი გაწიწმატებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში შემავალ ჩინურ პროდუქტებზე ტარიფების გაზრდით დაიმუქრა. ეს იყო ტრამპის პასუხი პეკინის გადაწყვეტილებაზე, დაეწესებინა იშვიათი ელემენტების ტექნოლოგიაზე ექსპორტის კონტროლი.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ეს ნაბიჯი „ძალიან მტრულად“ შეაფასა.

„ეს არსებითად დახურავს ბაზრებს და გაართულებს ცხოვრებას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ჩინეთისთვის. სხვა ქვეყნებმაც მოგვმართეს, უკიდურესად აღშფოთებულნი არიან ამ სავაჭრო მტრობით, რომელიც არსაიდან წარმოიშვა. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან კარგი იყო, ამიტომ ეს სავაჭრო ნაბიჯი კიდევ უფრო მოულოდნელია“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მან ყველას მოუწოდა, “არავითარ შემთხვევაში” არ იქნას დაშვებული, რომ ჩინეთმა „მსოფლიო ტყვედ აიყვანოს“. „მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მათი გეგმა დიდი ხნის განმავლობაში იყო, დაწყებული მაგნიტებით და სხვა ელემენტებით, სადაც მათ ჩუმად დაამყარეს ერთგვარი მონოპოლია, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ ბოროტი და მტრული ხასიათისაა“, – აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონსაც აქვს „მონოპოლიური პოზიციები, ბევრად უფრო ძლიერი“, ვიდრე პეკინს. „მე უბრალოდ არ მინდოდა მათი გამოყენება; არ მქონდა მიზეზი – აქამდე!“ – დასძინა მან.

ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან არ ისაუბრა, რადგან ამის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. მან ასევე გაიხსენა, რომ ორ კვირაში სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავდა, „მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს“.