ოქროს ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა – რა ღირს გრამი საქართველოში

ორშაბათს, 13 ოქტომბერს, გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. თბილისის დროით 12:30 საათზე მსოფლიო ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 4 073 დოლარად ივაჭრება.

აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასი მხოლოდ ერთ დღეში 1.4%-ით გაძვირდა. ამასთანავე, თვის განმავლობაში ფასები გაზრდილია 9%-ით, ხოლო წლიურად ძვირფასი ლითონის ღირებულება 51.6%-ით არის გაძვირებული.

ძვირფას ლითონზე ფასების ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირებას ხელის შეუწყო აშშ-სა და ჩინეთს შორის მორიგმა დაპირისპირებამ, ეკონომიკის ზრდის შეფერხებასთან დაკავშირებულმა რისკებმა, აშშ-ის საპროცენტო განაკვეთის მომდევნო შემცირების მოლოდინებმა და ამ ფონზე ინვესტიციების დასაბანდებლად უსაფრთხო „თავშესაფრების“ ძიებამ.

ამას ემატება ისიც, რომ გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა, არ შედგეს. ამასთანავე, ტრამპი აანონსებს ჩინეთიდან იმპორტზე ტარიფების ზრდას, რაც ბაზრებზე გაურკვევლობას იწვევს.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მდგომარეობით, ოქროს ბირჟებზე 1 გრამი 999 სინჯის ოქროს გასაყიდი ფასი 357 ლარის ფარგლებში მერყეობს, 750-სინჯიანი ოქროს ღირებულება 268 ლარია, ხოლო 585 სინჯის მქონე ოქროს 209 ლარად იყიდით.