მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა იმ მიზეზით, რომ გენადი ტრუხანოვს რუსეთის მოქალაქეობა აღმოაჩნდა, თავად ოდესის მერი ბრალდებას უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

ამის შესახებ „ბიბისის“ უკრაინული სამსახური თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც ცნობილი ხდება, მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი მერის რუსეთის მოქალაქეობა გახდა, რასაც ტრუხანოვი უარყოფს.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე თათბირი გამართა, რა დროსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილი მალიუკმა მას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის სამხრეთში და ფრონტისპირა რეგიონებში რუსეთის აგენტურულ ქსელებთან და კოლაბორანტებთან ბრძოლის შესახებ. ზელენსკის თქმით, დადასტურდა, რომ რამდენიმე პირს აღმოაჩნდა რუსეთის მოქალაქეობა და ამასთან დაკავშირებით მან შესაბამისი განკარგულებები გასცა.

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია სახელები, თუმცა „ბიბისის“ უკრაინული სამსახური, ასევე გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერენ, რომ საუბარია ოდესის მერ გენადი ტრუხანოვზე, ასევე ყოფილ დეპუტატ ოლეგ ცარევზე და ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინზე.

თავად ტრუხანოვი მანამდე სოციალურ ქსელებში წერდა, რომ რუსეთის მოქალაქეობის ქონის საკითხი გუშინ შესაბამის კომისიას უნდა განეხილა. ტრუხანოვი ამბობს, რომ ეს ბრალდებები ახალი არ არის.

„2014 წლიდან მე მუდმივად განვმარტავდი, რომ არ მაქვს და არასდროს მქონია რუსეთის მოქალაქეობა. მე შემამოწმა უკრაინის ყველა შესაბამისმა ორგანომ“, – დაწერა ტრუხანოვმა გასულ კვირას.

გენადი ტრუხანოვი ოდესის მერის პოსტს 2014 წლიდან იკავებს. უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის თანახმად, მოქალაქეობის დაკარგვა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ოდესის მერისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით პეტიცია შემუშავდა, რომელმაც ერთ დღეში პრეზიდენტის მიერ განსახილველად საჭირო 25 ათასზე მეტი ხმა დააგროვა.