აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა ცნობები, რომ მან CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ვენესუელის ტერიტორიაზე საიდუმლო ოპერაციების ჩატარების ნება დართო. მისი თქმით, თეთრი სახლი განიხილავს შესაძლებლობას, რომ დარტყმები მიიტანოს ნარკოკარტელებზე არა მხოლოდ ზღვაში, არამედ ხმელეთზეც. თავდაპირველად გაზეთმა The New York Times-მა, წყაროებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტრამპმა CIA-ს ნება დართო ვენესუელაში ოპერაციების ჩატარებაზე – დამოუკიდებლად ან უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკულმა სამხედროებმა კარიბის ზღვაში უკვე განახორციელეს მინიმუმ ხუთი დარტყმა გემებზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდათ, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა. გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა ეს თავდასხმები “სასამართლოს გარეშე ჩადენილ სიკვდილით დასჯად“ შეაფასეს.
ტრამპმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებისას, სულ ცოტა, 11 ვენესუელელი “ნარკოტერორისტი“ დაიღუპა.
ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს გააძლიეროს ზეწოლა ნიკოლას მადუროზე, რომელსაც აშშ და სხვა ქვეყნები ვენესუელის კანონიერ ლიდერად არ ცნობენ. სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ტრამპის განცხადება მკვეთრად ამძაფრებს არსებულ სიტუაციას.
თეთრ სახლში გამოსვლისას, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის ადმინისტრაციაში “განიხილავენ სახმელეთო ოპერაციების შესაძლებლობასაც.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – “რატომ მიეცით CIA-ს უფლება წასულიყო ვენესუელაში?“ – ტრამპმა უპასუხა:
“სინამდვილეში, მე ამის ნებართვა ორ მიზეზის საფუძველზე მივეცი.
პირველი – მათ (ვენესუელის ხელისუფლებამ) დააცალეს თავიანთი ციხეები და დამნაშავეები საზღვრით გამოუშვეს შეერთებულ შტატებში…
მეორე -ნარკოტიკებია. ბევრი ნარკოტიკი შემოდის ჩვენთან ვენესუელიდან და ამ ნარკოტიკების დიდი ნაწილი ზღვით მოდის… ახლა ხმელეთით გადაზიდვებზე ვფიქრობთ, რადგან ზღვა დიდი წილად უკვე ჩვენ კონტროლქვეშ არის”.
-
ტრამპი აგრძელებს ზეწოლას ვენესუელის პრეზიდენტზე, ამასთანავე, ზრდის სამხედრო ყოფნას კარიბის ზღვაში
მადუროს გადაყენების მცდელობებში CIA -ს შესაძლო მონაწილეობაზე ტრამპმა კომენტარი არ გააკეთა.
“სასაცილო იქნებოდა, ამაზე პასუხი რომ გამეცა?“ – თქვა მან კითხვის საპასუხოდ. თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ, აშშ-მა მადურუს დაკავებაზე 50 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.
The New York Times-ის წყაროების ცნობით, საიდუმლო დირექტივა სწორედ მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად.
ტრამპი არაერთხელ განაცხადა, რომ ვენესუელა არის მთავარი პუნქტი უკიდურესად საშიში ნარკოტიკის ფენტანილის უკანონო ბრუნვაში, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, ფენტანილის ძირითადი წყარო მექსიკაა.
ვენესუელის ხელისუფლებამ ოთხშაბათს დაგმო ტრამპის კომენტარი CIA-ს ოპერაციებზე, განცხადება შეაფასა როგორც საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დარღვევა.
Reuters-ის ცნობით, ვენესუელის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მოქმედებები მიზნად ისახავს რეჟიმის შეცვლის ოპერაციის ლეგალიზაციას, რომლის საბოლოო მიზანია ვენესუელის ნავთობის რესურსების ხელში ჩაგდება.
BBC-ის თეთრი სახლის კორესპონდენტი ბერნდ დებუსმანი-უმცროსი აღნიშნავს, რომ იშვიათია, როცა აშშ-ის უმაღლესი მთავარსარდალი საჯაროდ ადასტურებს CIA-ს საიდუმლო ოპერაციას. წყარო