ფაშინიანი ყოველ დღე მსოფლიოს რომელიმე ლიდერს ურეკავს, ყოველ დღე! მე კი არავისთვის დამირეკავს, მე მაქვს კონტაქტები და მათ თავად დამირეკეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პროვოკაციული ქმედებების შედეგია.
„არ დარჩა მსოფლიოში არც ერთი ლიდერი, რომლისთვისაც ფაშინიანს არ დაურეკავს, აგენტი არ გაუგზავნია, არ შევედრებია და მუხლებზე არ დაუჩოქია. მას რომ ნორმალურ ენაზე ესაუბრა, ჩვენი წმინდა ქალაქი არ შეერაცხყო, რა თქმა უნდა, ვიცხოვრებდით იმ იმედით, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარდებოდა. მაგრამ ყოველი ნაბიჯი პროვოკაცია იყო, ყოველი ნაბიჯი შეურაცხყოფა იყო და ის ფიქრობს, რომ ამას შევეგუებით?! ახლა ჩვენ ვაჩვენეთ, ვინ ვინ არის. ჩვენ მათ ძაღლებივით ვაძევებთ! აზერბაიჯანელი ჯარისკაცები მათ ძაღლებივით დევნიან! აზერბაიჯანის დროშა აღმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე! მათი პოსტები ჩვენს ხელშია! ჩვენ მათ ტანკებს ვმართავთ! მათი სხვა იარაღები ჩვენს ხელშია, მათი სატვირთო მანქანები ჩვენს ხელშია!“ – აღნიშნა ალიევმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას ვერასდროს შეეგუება.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრი შუშაში ცეკვავს და ფიქრობს, რომ ჩვენ ამას შევეგუებით? ცდებიან, ამას არასდროს შევეგუებით,“- აღნიშნა ალიევმა.
“აიპიენი”