გარდაცვლილი ორივე პაციენტი 80 წელს იყო გადაცილებული და მათ თანმხლები დაავადებები ჰქონდათ

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ორი კოვიდინფიცირებული, ერთი ქუთაისში, მეორე კი ბათუმში გარდაიცვალა.

„ორივე იყო 80 წელს გადაცილებული – 88 და 82 წლის პაციენტები, თანხმლები დაავადებებით და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 8696 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი, 52 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”