ირანელი მკვლევარი დროებით, ელექტროსამაჯურით გაათავისუფლეს

ირანული წარმოშობის ფრანგი მეცნიერი ფარიბა ადელჰა ირანის სასამართლომ დროებით, ელექტროსამაჯურით გაათავისუფლა. შიიტური ისლამის სპეციალისტი, ისლამური რევოლუციის მკვლევარი ქალი ირანში 2019 წლის 15 ივლისს დააკავეს. სასამართლო 3 მარტს დაიწყო. მაისში მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით 5 წლით პატიმრობა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის გამო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ფარიბა ადელჰა ყველა ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ განაჩენს გაასაჩივრებდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მეცნიერის დაპატიმრებას დაუშვებელი ფაქტი უწოდა.

ფარიბა ადელჰას ადვოკატი იმედოვნებს, რომ მეცნიერს საპატიმროში დაბრუნება აღარ მოუწევს და მის გათავისუფლებას მიაღწევენ.

ბოლო პერიოდში ირანმა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედების ბრალდებით ორმაგი მოქალაქეობის მქონე არა ერთი პირი დააკავა.

წყარო: report.ge