კომპანია “თოლე” – პანდემიამ თხილის წარმოების გაზრდა შეაფერხა …

ოზურგეთის სოფელ დვაბზუში თხილის მოქმედმა საწარმო „თოლემ“ წარმოება გააფართოვა, თუმცა პანდემიამ, მის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა იქონია და კომპანია სრული წარმადობის მიღწევას ვერ ახერხებს; მიზეზი კი, ჩაკეტილი საზღვრებია, რის გამოც სპეციალისტების ჩამოყვანა ვერ მოახერხეს.

კომპანია “თოლეს” წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომპანიამ მიმდინარე წელს პანდემიის მიუხედავად, საწარმოს გაფართოება და საწარმოო ხაზის სრულყოფა გადაწყვიტა, თუმცა სიმძლავრე სასურველ მაჩვენებლამდე ვერ გაზარდა.

„წელს ვფიქრობდით, რომ წარმადობა დღიურად 30 ტონას გადააჭარბებდა, ამისთვის თურქეთიდან უნდა ჩამოსულიყვნენ სპეციალისტები, დაემონტაჟებინათ დანადგარები, თუმცა პანდემიამ ჩვენი გეგმები შეცვალა. კორონავირუსის გამო ჩვენი პარტნიორები თურქეთიდან ვერ ჩამოვიდნენ. წარმოებაში ორი სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი შენობა გვაქვს – ერთში 15 ტონა თხილს ვამუშავებთ, ხოლო მეორე – სრულად ამუშავების შემდეგ, ამდენივეს გადამუშავებას შეძლებს. დღეისთვის მეორე საწარმო ნახევარი დატვირთვით მუშაობს. შესაბამისად, იმის ნახევარ გადამუშავებულ თხილს ვიღებთ, ვიდრე შეგვიძლია, რომ გვქონდეს“, – განაცხადა თორნიკე დარჩიამ.

მისივე ინფორმაციით, „თოლემ“ მიმდინარე სეზონზე 700 ტონა თხილი უკვე გადაამუშავა.

თორნიკე დარჩიამ აღნიშნა, რომ საწარმომ პანდემიის გამო დღემდე ვერ შეძლო ჰასპის სტანდარტის დანერგვა, რამაც საექსპორტო ბაზრების ათვისებაში შეუშალა ხელი.

„კორონავირუსის გავლენით შექმნილი სირთულეების გამო, სულ ახლახანს შევძელით ჰასპის სტანდარტის დანერგვა საწარმოში. აქამდე საექსპორტო ბაზრებზე თხილს, ჩვენი პარტნიორი კომპანიების საშუალებით ვყიდდით. შესაბამისად, ჩვენი წარმოების თხილი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა საწარმოს სრულად ამოქმედების შემდეგ 2021 წლიდან შევძლებთ ექსპორტზე გასვლას“, – განაცხადა თორნიკე დარჩიამ.

თხილის გადამამუშავებელი საწარმო „თოლე“ 2016 წლიდან ამოქმედდა და თორნიკე დარჩიას თქმით, დღემდე განვითარებისთვის 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო სეზონზე 50-მდე ადამიანს ასაქმებს.

წყარო: bm.ge