ხომ არ ჯობია, გადავდგე…მიზეზს არ დავაზუსტებ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას ნამდვილად აპირებდა პირადი მოსაზრებების გამო, თუმცა გადაიფიქრა.

ამის შესახებ თეანგიზ ცერცვაძემ  ტვ “პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლა კორონავირუსის შემთხვევების მზარდ სტატისტიკას უკავშირდება.

“მქონდა რაღაც ჩემი პირადი მოსაზრებები და ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები. არ არის იშვიათი, როცა ადამიანი ფიქრობს, ხომ არ ჯობია, რომ გადადგეს. რატომ, ამას არ დავაზუსტებ. გადაწყვეტილება შევცვალე იმიტომ, რომ ჩავთვალე, ახლა, როცა არის შემთხვევების მატება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

თენგიზ ცერცვაძემ, ასევე დაადასტურა, რომ არაერთხელ შეხვდა გიორგი გახარიასაც, თუმცა, აღნიშნა, რომ  ამას მის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს.

თენგიზ ცერცვაძემ, ასევე თქვა, რომ Covid-19-ის პანდემიამდეც აპირებდა თანამდებობის დატოვებას, თუმცა მაშინ მიზეზი იყო ინფექციური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა.

“ჩემი გადადგომის წინა მცდელობა მთლიანად დამოკიდებული იყო ჩვენს ამ მოთხოვნასთან, რომ გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურა და მიგვეღო ახალი შენობა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ: 1 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა.

საღამოს ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ განაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.

 

“აიპრესი”