რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში

საქართველოში საბავშვო ბაღები 12 ოქტომბერს უნდა გაიხსნას. ამასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის თანამშრომლები დაწესებულებებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის კუთხით ყოველდღიურად ამოწმებენ.

საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გართულების გამო ხელისუფლებამ სწავლის დაწყება ჯერ 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადადო. სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მხრივ ყოველდღირად ანტირეკორდები ფიქსირდება.

„625-ზე გაიცა დადებითი დასკვნა, დანარჩენს მცირეოდენი ხარვეზები აღენიშნებოდა, რის გამოც მათ დამატებით განესაზღვრათ გონივრული ვადა, რა პერიოდშიც უნდა აღმოფხვრან დარღვევები. შემოწმების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 12 ოქტომბრამდე დასრულდება“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ტელეკომპანია Imedi–ს ეთერში.

სულ შემოწმდა 700 საბავშვო ბაღი.

შრომის ინსპექცია სასწავლო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ბიზნეს–ოპერატორს აქტიურად ამოწმებს. ასევე ტარდება საინფორმაციო კამპანიაები. ბოლო თვეში 100 ათასზე მეტი ბიზნეს–სუბიექტი შემოწმდა, ბევრი მათგანი გააფრთხილეს.

ფერაძის თქმით, ამჟამად შემოწმებულია 2 390 კერძო და საჯარო სკოლა. მუშაობის განახლებას ყველა შეძლებს. დარჩა მხოლოდ ათიოდე საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც ამ დღეებში დასრულდება.

საქართველოში სკოლის მერხებს I-VI კლასის მოსწავლეები 1 ოქტომბერს დაუბრუნდნენ. ეს გადაწყვეტილება არ ეხება აჭარას, სადაც ყველაზე ცუდი მდგომ არეობაა ეპიდემიური თვალსაზრისით, და გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთ სკოლას.

თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისისა და რუსთავის I-VI კლასის მოსწავლეების მშობლებს, თუ სურთ, რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, შეუძლიათ განაცხადი შეავსონ განათლების სამინისტროს ვებ–გვერდზე (online.emis.ge), ან მიმართონ სკოლას.

“სპუტნიკი”