კორონავირუსის გავრცელებისა და შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, სვანეთი ზაფხულის ბოლოს რამდენიმე კვირით ჩაიკეტა. საზაფხულო საკურორტო სეზონი მესტიაში ხანმოკლე აღმოჩნდა. ვიზიტორების გარეშე დარჩენილმა რეგიონმა შეზღუდვების გამკაცრებულ რეჟიმშიც კი, დადებითი მხარე აღმოაჩინა – სასტუმროების მეპატრონეებმა საკუთარი შენობები განაახლეს, რამდენიმე ადგილობრივმა ახალი სასტუმროც გახსნა და სხვა აუცილებელ საშუალებებთან ერთად, სადეზინფექციო ხსნარიც მოიმარაგეს. მესტიის მუნიციპალიტეტში ზამთრის სეზონისთვის მზადება უკვე დასრულებულია, რეგიონი ტურისტების მისაღებად მზად არის. ამის შესახებ “ფორტუნასთან” მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, ვახტანფ ფილფანმა ისაუბრა.
“ჩემი და სხვისი სასტუმროები ვართ მოლოდინის რეჟიმში. რაც არსებობდა, იმას კიდევ ახალი სასტუმროები დაემატა. დიდი სიამოვნებით ველოდებით სტუმრებს. პანდემიის დროს ტურისტების ნაკლებობა იყო და ფაქტობრივად ზაფხულში სეზონმა არ იმუშავა. თუმცა ამაშიც დადებითი მხარე აღმოვაჩინეთ. ეს პერიოდი ხალხმა გამოიყენა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო-განახლებითი სამუშაოებისთვის. ყველამ თავის სასტუმროს მიხედა, რაღაცეები მიამატა. მოვიმარაგეთ ის საშუალებები, რაც აუცილებელია ვირუსის პრევენციისთვის. ასე რომ, სასტუმროები და მასპინძლები მზად ვართ ზამთრის სეზონისთვის. ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვით, სრულიად მზად ვართ. ველოდებით ტურისტებს”, – აცხადებს ვახტანგ ფილფანი.
მისივე განმარტებით, სვანეთში ტურისტებს ახალი წლისთვის ელოდებიან. ფილფანი ამბობს, რომ ზამთრის სეზონში უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლებათ, ვინაიდან, მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქები ვინც საზღვარგარეთ წასვლას ვერ შეძლებს, უმრავლესობა სვანეთს ესტუმრება.
“განსაკუთრებით იანვრიდან, ახალი წლის შემდგომ, ჩვენთან ზამთრის სასრიალო საკურორტო სეზონი მაისამდე გრძელდება. ჩვენი ვიზიტორები ძირითადად ქართველები იქნებიან. ჯერ კიდევ გაზაფულზე აქ მყოფი ქართველი ტურისტები ამბობდნენ, რომ სვანეთი ბევრს ნანახი არ ჰქონდა და გაოცებული იყვნენ აქაური სილამაზით. დარწმუნებული ვარ ზამთრის სეზონზე უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება. ჩვენი მოქალაქეები დასასვენებლად საზღვარგარეთ თუ ვერ წავლენ, მაშინ უმრავლესობა ზამთარში სვანეთში გვეყოლება”, – განმარტავს ფილფანი.
მან ასევე ისაუბრა რეგიონის კურორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სასრიალო კურორტი, რომელიც ქართველებს ძალიან უყვართ, გვიან გაზაფხულამდე გაგრძელდება, რადგან ჩრდილოეთის ფერდობზე თოვლი მაისამდე დევს.
“ვიცი, რომ ბევრი ქართველი სიამოვნებით შეხვდება ახალ წელს სვანეთში. ჩვენი სასრიალო კურორტებზე თოვლი მაისამდე დევს, ამიტომ სეზონის გაგრძელებას გვიან გაზაფხულამდეც ველოდებით. მარტი და აპრილიც განსაკუთრებული კომფორტულია. აქ ჩრდილოეთის ფერდობზე მზე არ ადგება თოვლს, არც ძლიერი ყინვებია და სეზონი გაგრძელდება”, – აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი.
წყარო: newposts.ge