აზერბაიჯანის პროკურატურა: სომხეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა მონაკვეთზე, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის, სომხეთი უარზეა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა იმ მონაკვეთზე, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის.

 

„6 ოქტომბერს, 21: 00 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ევლახის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის. თუმცა, ჩვენი არმიის მტკიცე ქმედებების შედეგად ტერორის ეს მცდელობა აღვკვეთეთ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

“იმედი”