სამივე მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრ თემურ შუბითიძესთან დაკავშირებით მარნეულში მომხდარ ინცინდენტზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამივე მამაკაცი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თემურ შუბითიძე, რომელიც მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველია, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. ამის შემდეგ მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა , სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.
დაპირისპირება მარნეულში: „ნაცმოძრაობა” VS „ქართული ოცნება”>>
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
“სპუტნიკი”