80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი მიხეილ (მიშა) კობახიძე. მიხეილ კობახიძე იყო ე. წ. “თვითმფრინავის ბიჭების” საქმის მონაწილის, მსახიობ გეგა კობახიძის მამა, რომელსაც 1983 წელს სამგზავრო თვითმფრინავის წარუმატებელ გატაცებაში მონაწილეობის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მაშინდელი სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯა.
მ. კობახიძე 1939 წლის 5 აპრილს, თბილისში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ფილმების გადაღება დაიწყო სტუდენტური პერიოდიდან. 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა “ქორწილი” სამი პრიზი მიიღო ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. 1967 წელს კობახიძემ გადაიღო ფილმი “ქოლგა”, რომელმაც პოლონეთში, კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი და “ფიპრესის” პრიზი მოიპოვა. 1969 წელს რეჟისორმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მუსიკოსები”, რომლის გამოც მას საბჭოთა ცენზურასთან პრობლემები დაეწყო და დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 1996 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, საფრანგეთში. 1996 წელს ვენეციის კინოფესტივალზე მოეწყო მისი ფილმების რეტროსპექტივა.