ჯანდაცვის უწყებების, ეპიდემიოლოგებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შეზღუდვები დაწესდა.
სოფლის შესასვლელ-გასასვლელში გაშლილია სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ადგილობრივების PCR ტესტირებით გამოიკვლევენ.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი აცხადებს, რომ პრევენციული ღონისძიების მიზეზი მოქალაქეთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობაა, რის გამოც სხვა შეზღუდვებთან ერთად საჯარო სკოლაში სწავლა დღეიდან დისტანციურად წარიმართება.
სოფელ ერისიმედში 58 წლის ქალს და მის ქმარს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდათ. ცნობილია, რომ ინფიცირებულებს კონტაქტი ადგილობრივების უმრავლესობასთან ჰქონდათ.
რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების 74 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეპიდემიოლოგების განცხადებით, კახეთში ეპიდსიტუაცია მართვადია.
გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა (230) აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 134.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 553 ადამიანი, 66 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”