ასეთი რამ აზერბაიჯანელ ან სომეხ ჩინოვნიკს გაეკეთებინა, რა დაემართებოდა მას თავის ქვეყანაში?!- არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი)

არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) დავით გარეჯის მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ქართული არხის“ გადაცემა „უცნობის კიდობანში“ განაცხადა, რომ ერთი წუთითაც არ დაუშვია, რომ „ქვეყნის ეს ღალატი ივერი მელაშვილის დონეზე დაიგეგმა, მაგრამ ამ პიროვნებას თვისი წილი დანაშაული აქვს მოსანანიებელი“.

 

არქიმანდრიტმა თქვა, რომ ბევრჯერ ესაუბრა მელაშვილს და ეუბნებოდა, რომ „თავს იღუპავდა“, მაგრამ „ეს კაცი ამაზე არნახული ირონიით რეაგირებდა“.

„თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მსგავს სიტუაციაში ასეთი რამ აზერბაიჯანელ ან სომეხ ჩინოვნიკს გაეკეთებინა, რა დაემართებოდა მას თავის ქვეყანაში, ჩვენთან პასუხიც არავინ მოსთხოვა, ისე გავატარეთ, ვითომ არც ყოფილა, უბრალო კომენტარად ჩავუთვალეთ“, აცხადებს მამა კირიონი.

„დღეს გამოვდივართ და კითხვას ვსვამთ: ეს ამბავი მართალია? მართალია კი არა კატასტროფაა და ჩვენ გვძინავს.

“ჩემი საუბრის მიზანია, რომ ქართველი ხალხი ამ ვითარებაში არ დაიბნეს. ახლა არის აგორებული პროპაგანდისტული ტალღა. ცდილობენ, პიარით გადაფარონ ეს დანაშაული. ეს არ გამოვა. თუ სახელმწიფო და ხელისუფლება სათანადო დონეზე იქნება, გამორიცხულია ამის დაფარვა. ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც ღაღადებს, მას ხელს ვერ დააფარებ.

ეს არის პიარი, რომელიც ცდილობს, რომ ჩვეულებრივი ობივატელი, რომელიც არ არის ჩახედული ამ საქმეში, რაღაც რუკების ხსენებით, თარიღების მოხმობით, დახვეწილი საუბრებით დააბნიოს.

ნუ დაიბნევით, ხალხო. ჩვენს დროში ხდებოდა კატასტროფა. მადლობა ღმერთს, რომ ეს გაირღვა. იქნებ ამ გზით ამ რაღაც მოჯადოებული წრიდან გავიდეთ ერი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი პირველი ეროვნული გამარჯვება.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მსგავს სიტუაციაში ასეთი რამ აზერბაიჯანელ ან სომეხ ჩინოვნიკს გაეკეთებინა, რა დაემართებოდა მას თავის ქვეყანაში, ჩვენთან პასუხიც არავინ მოსთხოვა, ისე გავატარეთ, ვითომ არც ყოფილა, უბრალო კომენტარად ჩავუთვალეთ.

ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ქვეყნის ეს ღალატი ივერი მელაშვილის დონეზე დაიგეგმა, მაგრამ ამ პიროვნებას თვისი წილი დანაშაული აქვს მოსანანიებელი. ბევრჯერ ვესაუბრე მას და ვაფრთხილებდი – რას აკათებ, თავს იღუპავ-მეთქი! მაგრამ ეს კაცი ამაზე არნახული ირონიით რეაგირებდა. ახლა რომ გამოდის და წყლიანი თვალებით საუბრობს… მაშინ მეუბნებოდა: თქვენ, მამაო, დილეტანტი ხართ, თქვენ ამაში ვერ ერკვევითო. ამ დროს უკვე შეგროვილი მქონდა ყველა საბუთი, რუკები, დოკუმენტები, მაგრამ არ უნდოდა ამ კაცს ამის დანახვა.

მარტო მე კი არ მეუბნებოდა დილეტანტი ხარო, იმავეს ეუბნებოდა ნოდარ ხობალაძეს, რომელიც არის შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი, გეოდეზისტი, პროფესორი, მეცნიერი. როდესაც ასეთი პიროვნება ეუბნებოდა მელაშვილს, რომ აქ შეცდომებია დაშვებულიო, მას ამაზე ჰქონდა მხოლოდ ერთი პასუხი: თქვენ დილეტანტი ხართო.

ამ დროს ივერი მელაშვილი კარტოგრაფიც არ არის! ჰოი, საოცრებავ! ის გახლავთ მიწათმომწყობი. ესაა ყველაზე დაბალი, პირველი საფეხური კარტოგრაფიაში! თუ გინახავთ სოფლად მიწას რომ ზომავენ ერთმეტრიანი ფარგლით, აი, ამ ხელობის კაცია. ამას სავსებით სერიოზულად ვამბობ. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ეუბნებოდა აკადემიკოსს, გეოდეზისტს, მეცნიერს: „შენ დილეტანტი ხარო!“ უტიფრობის მწვერვალი იყო ეს ყველაფერი. ამას გაძლება და ნერვები უნდოდა…

კაცი დღემდე არ ნანობს, დღემდე უტიფარია, დღემდე შოუებს დგამდა, სანამ დაიჭერდნენ, ჩამოვიდა გარეჯში და იქ ითვალთმაქცა. აგათა კრისტის აქვს თავის ნაწარმოებში, – შეუძლებელია დამნაშავე თავის დანაშაულის ადგილზე არ მივიდესო. აი, ჩამოვიდა გარეჯში და კომენტარებს აძლევდა ჟურნალისტებს: მე ამას როგორ შევეხებოდიო!

ამ დროს ამ კაცს წლების განმავლობაში ვეუბნებოდი, დანაშაულს ჩადიხარ-მეთქი და პასუხად მხოლოდ დამცინოდა: „დილეტანტი ხარ, უცოდინარი ხარ, ეგ საბუთები მე არ მაინტერესებსო!“ ადამიანი ვერ ნანობს. რომ შეინანოს, ადამიანობას დაიბრუნებს.

შეიძლება შეეშალა, ვერ გაუძლო, ზეწოლა ჰქონდა, მაშინ თქვი: ბოდიშს ვიხდი, ჩემო ხალხო, და კაცობას დაიბრუნებ. დანაშაულზე შეიძლება პასუხი აგო, მაგრამ ადამიანი დარჩები.

დღეს თუ თავის გადარჩენა გინდა, უნდა გაემიჯნო ამ პროცესს, უნდა გაქრე! და ესენი კი არ ქრებიან, შოუებს დგამენ, ეწევიან პროპაგანდას იმისა, რომ ეს თურმე ასე არ არის, თითქოს ჩვენ რაღაცას ვიგონებთ.

ამდენი წელი მე გიჟი ვიყავი, რომ ვყვიროდი, ხალხო, გვიშველეთ, მოგვხედეთ, ქართველებო, გარეჯს ხელიდან გვაცლიან-მეთქი?!“ – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“guardian.ge”