სომხეთის პრეზიდენტი: თურქეთი კავკასიაში კიდევ ერთ სირიას ჰქმნის

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩარევა შეაჩეროს.

 

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი კავკასიაში კიდევ ერთ სირიას ჰქმნის.

„თუ ახლა საერთაშორისო დონეზე მოქმედებას არ დავიწყებთ, თუ თურქეთს არ შევაჩერებთ, მაშინ ყველა დაზარალდება“, – განაცხადა არმენ სარგსიანმა გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში.

სომხეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც თურქეთი ამ განტოლებიდან გავა, რეგიონი მოლაპარაკებების მაგიდისკენ დაბრუნებას უფრო მიუახლოვდება.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

“იმედი”